ვიკა ფილფანი კობახიძეს - თქვენ ხართ ის, ვინც გავრილოვი ჩამოიყვანა, თქვენს პირობებში შეწყდა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ნამყოფი ხართ თემურ ლენგის საფლავზე, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან - არა! რატომ არიან თქვენი კოლეგები დასანქცირებული და თქვენ არა?

ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ პარლამენტის ის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც გავრილოვი ჩამოიყვანა, უმასპინძლა და სავარძელში ჩასვა. პრემიერ-მინისტრი, რომლის პირობებშიც ქვეყანამ შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ვის დროსაც ამოქმედდა „მოსკოვის მექანიზმი“, დასანქცირდნენ მოსამართლეები, უმაღლესი თანამდებობის პირები. თქვენ ხართ პრემიერი, რომელიც აღმოსავლეთში ხშირად ხართ, თემურ ლენგის საფლავზეც ნამყოფი ხართ, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან - არა! - ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელიც პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოდის.

ვიკა ფილფანის აღნიშნულ განცხადებას, სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ამასთან, ფილფანმა, კითხვით მიმართა პრემიერს, რა სახის კონტაქტებით შეძლო მან, რომ ბიძინა ივანიშვილიც კი დასანქცირებულია და ის არაა.

„ბატონო ირაკლი, იქნებ შეწყვიტონ თქვენი შეურაცხყოფა და ანიშნოთ ჩვენს კოლეგებს როგორღაც, რომ თავადაც შეძლებთ საკუთარი თავის დაცვას და კითხვებზე პასუხის გაცემას. ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ პარლამენტის ის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც გავრილოვი ჩამოიყვანა, უმასპინძლა და სავარძელში ჩასვა. პრემიერ-მინისტრი, რომლის პირობებშიც ქვეყანამ შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ვის დროსაც ამოქმედდა „მოსკოვის მექანიზმი“, თქვენი პრემიერობის პირობებში დასანქცირდნენ მოსამართლეები, უმაღლესი თანამდებობის პირები. თქვენ ხართ პრემიერი, რომელიც აღმოსავლეთში ხშირად ხართ, თემურ ლენგის საფლავზეც ნამყოფი ხართ, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან - არა! ასევე, თქვენ ხართ პრემიერი, რომლის პირობებშიც თავად ბიძინა ივანიშვილიც დასანქცირდა, მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა, თქვენ ხართ ამ ყველაფრის შემოქმედი და პასუხისმგებელი და თქვენ არ ხართ დასანქცირებული. ამას შეიძლება ჰქონდეს ორი მიზეზი - ერთი, რომ არ აღგიქვამენ სერიოზულად და მეორე, შეიძლება რაღაც განსაკუთრებული ნიჭის გამო, ურთიერთობები გაქვთ გარე ძალებთან. იქნებ გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს, რატომ არიან თვითონ დასანქცირებულები და თქვენ - პასუხისმგებელი პირი, არ ხართ დასანქცირებული?“ - განაცხადა ფილფანმა.

პრემიერის მისამართით კიდევ ერთი კითხვა ნარკოპოლიტიკას შეეხებოდა, კერძოდ, იცის თუ არა მან გასულ წელს რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ნარკოტიკის ზედოზირებით?

„რაც შეეხება ანგარიშს, ნარკოპოლიტიკის წარმატების მთავარ მტკიცებულებად გაქვთ პასუხისგებაში მიცემულთა რაოდენობა, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ეს არ გვიჩვენებს, შემცირდა თუ არა ქვეყანაში ნარკოტიკის მოხმარება, შეწყდა თუ არა ნარკოქსელების ფუნქციონირება, გადარჩნენ თუ არა ადამიანები ნარკოტიკით გარდაცვალებას, აქ კონკრეტული რიცხვი რომ ყოფილიყო, რამდენი ადამიანი განიკურნა ნარკომანიისგან, ეს მისაღები იქნებოდა. გასულ წელს რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ნარკოტიკის ზედოზირებით?“- განაცხადა ფილფანმა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება