უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 40%-მდე მწყობრიდან გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას
გამოცემა Financial Times ანალიტიკოსების შეფასებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ივნისში რუსეთი დღეში ნავთობის 4.1 მილიონი ბარელის გადამუშავებას ახდენდა, რაც ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელზე 28%-ით ნაკლების და ნომინალური სიმძლავრის 35%-ზე ნაკლებია.
გამოცემის ინფორმაციით, მაისიდან უკრაინამ მნიშვნელოვნად გააძლიერა რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმები. მას შემდეგ დარტყმები განხორციელდა რუსეთის ათი ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, მათ შორის ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, რომელიც ფრონტის ხაზიდან 2,500 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და რომელზეც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით 7% მოდის.
აღინიშნება, რომ საწვავის დეფიციტი უკვე 50 მილიონ რუსს ეხება, რაც მოსახლეობის 35%-ს შეადგენს. 8 ივლისის მდგომარეობით, რუსეთის რეგიონების უმრავლესობაში ადგილობრივმა ხელისუფლებებმა და გამყიდველებმა შეზღუდვები შემოიღეს საწვავის გაყიდვაზე.
25 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის თითქმის 50-მა რეგიონმა ესა თუ ის შეზღუდვები შემოიღეს საწვავის გაყიდვაზე, ხოლო ბენზინგასამართ სადგურებზე გრძელი რიგები მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ოკუპირებულ ყირიმში ოფიციალურად საგანგებო ვითარების რეჟიმი მოქმედებს და ბენზინი მხოლოდ ელექტრონული ტალონებით იყიდება.