სტატუსი დაწერო და პოლიტიკური შეფასება გააკეთო, ამ ლოგიკაში აბსოლუტურად მივყვები, მაგრამ რაც ლევან იოსელიანს ავიწყდება ხოლმე ისაა, რომ ის არის საქართველოს სახალხო დამცველი, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმიანება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ ლევან იოსელიანის „გამოხატვის ფორმები“ „აბსოლუტურად არასაკმარისია“.
„აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პათოსში, რა პათოსითაც მან ეს სტატუსი დაწერა. მართლა არაადეკვატურია, ერთი მხრივ ხელისუფლება თავის ამომრჩეველს ჰპირდება „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას და მეორე მხრივ, ელისაშვილს ბევრად უფრო მეტი აქვს მისჯილი, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ ოდიოზურ ფიგურებს. არაადეკვატურია სასჯელი. ამას „ოცნების“ ამომრჩევლისთვის ვამბობ და არ ვსაუბრობ სამართლებრივად, პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებ.
ელისაშვილის აბსოლუტურად აუხსნელი ქმედება მოსაწონი ნამდვილად არ არის და ალეკო ელისაშვილი აღიარებს ამ დანაშაულს, მაგრამ ტერორიზმად შერაცხო? ადეკვატურობაცაა და ადეკვატურობაც. პოლიტიკური მოტივი დგას ამ ყველაფრის უკან ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ოპოზიციონერის ქმედებაში. სასჯელია აბსოლუტურად არაპროპორციული.
ერთია, სტატუსი დაწერო და პოლიტიკური შეფასება გააკეთო, ამ ლოგიკაში აბსოლუტურად მივყვები, მაგრამ რაც ლევანს ავიწყდება ხოლმე ისაა, რომ ის არის საქართველოს სახალხო დამცველი. ძალიან ხშირად მისი დუმილი სისტემურ დანაშაულებზე და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე ჩემთვის ცალსახად პრობლემაა... სახალხო დამცველი ანგარიშების წერა კი არ არის, ბოლოს როდის გახსოვთ ლევან იოსელიანს ბრიფინგი ჩაეტარებინოს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაზე? “, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მისი მეგობრის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით ეხმიანება.
„ვანო მერაბიშვილი - 6 წელი და 9 თვე; ზურაბ ადეიშვილი - 6 წელი; დავით კეზერაშვილი - 5 წელი; ბაჩო ახალაია - 9 წელი; მეგის ქარდავა - 9 წელი; ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“ – 9 წელი; ვიქტორ ყაჭეიშვილი - 9 წელი; ოლეგ ფაცაცია - 9 წელი; გიგი უგულავა - 3 წელი და 2 თვე; გაგა მკურნალიძე - 3 წელი და 4 თვე და ა.შ... ალეკო - 13 წელი!“ - წერს “ფეისბუქის“ გვერდზე ლევან იოსელიანი.
ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული აქტის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.