ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ წამოწყებული ქართული ენის სუვერენიტეტის პროექტი გრძელდება. პროექტის მიზანია, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ქართულმა ენამ არ დაკარგოს თავისი აზრობრივი სიზუსტე, გრამატიკული ლოგიკა და კულტურული სიღრმე.
ქართული ენის სუვერენიტეტის პროექტის ფარგლებში, BTU-მ, პალიტრა მედიის მხარდაჭერით, უკვე შექმნა ქართული ენის მასშტაბური ციფრული ბაზა.
შექმნილი ქართული ენის ციფრული რესურსი, საწყის ეტაპზე დაახლოებით 12 მილიონ ტოკენს მოიცავს და უკვე ხელმისაწვდომია GitHub-ზე. აღნიშნული რესურსი აერთიანებს ქართული ენის მრავალფეროვან მაგალითებს, სიტყვებს, წინადადებებს, ზმნურ ფორმებს, ბრუნვებს, იდიომებს, ტერმინოლოგიას, მედიის, ბიზნესისა და ეკონომიკის ენას, აგრეთვე ოფიციალურ მონაცემებს. ასეთი მრავალფეროვანი მონაცემები ხელს უწყობს AI მოდელებს, ქართული ენა უფრო ზუსტად, კონტექსტურად და სემანტიკურად დაამუშაონ.
GitHub-ზე გამოქვეყნების შემდეგ რესურსის გამოყენება შესაძლებელია გლობალური AI ეკოსისტემისთვის, მათ შორის ისეთი თანამედროვე ენობრივი მოდელების განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის, როგორიცაა ChatGPT, Google-ის AI მოდელები, Claude და სხვა AI სისტემები.
პროექტი კვლავ განხორციელების ფაზაშია. მისი ამბასადორი, მწერალი გიორგი კეკელიძე დეტალურად საუბრობს, თუ რა მნიშვნელობა აქვს, ხელოვნურ ინტელექტს სიღრმისეულად ესმოდეს ქართული ენა და რა შედეგების მოტანა შეუძლია პროექტს:
მიზანი მარტივი და ცხადია - ქართული ენა ჩემთვის ჩემი იდენტობის განმსაზღვრელი ნაწილია, მისი პოპულარიზაცია - ჩემი საქმიანობის. ბუნებრივია, რომ ჩვენი ეპოქის განმსაზღვრელ ნიშანთან - ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ სირთულეებს შესაბამისი პასუხი სჭირდება. ამ მხრივ, ციფრული სუვერენიტეტის პროექტი დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მომავალში კომუნიკაციის, ინფორმაციის გავრცელებისა და ანალიზის წყარო დიდწილად სწორედ ხელოვნური ინტელექტი იქნება. მიმაჩნია, რომ თუ ქართული ენა სრულფასოვნად არ წარდგება მსგავს პლატფორმებზე, შესაძლოა თაობებმა მხოლოდ უცხო ენები გამოიყენონ.
ყველა ტექსტი ჩვენი იდენტობის საყრდენი და განვითარების საეტაპო ნარატივია. ამდენად, მათი გაცნობა ერთდროულად არის სიმბოლური და თვისობრივი აქტი.
პროცესები უკიდურესად დინამიკურად ვითარდება, შეიძლება ითქვას რეაქტიულადაც კი. ეს ხელოვნური ინტელექტის დიდი აფეთქებაა, რომელიც ახალ სამყაროს, ახალ რეალობას ბადებს. შესაბამისად, ის ხარვეზები, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს საკითხის შესაბამისად გააზრებისას აქვს, ვფიქრობ მალე აღმოიფხვრება.
ქართული ენა დიდი და გენიალურია, უკიდურესად მრავალფეროვანი და ამავდროულად რთული. თუმცა ვფიქრობ, რომ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტი მალე გამართულად გვესაუბრება.
მთავარი - ყველა თაობა შუამავალი ენის გარეშე მიიღებს შესაბამისს პასუხებს და ასევე, ქართული ენა საკუთარ, აუცილებელ და ღირსეულ ადგილს შეინარჩუნებს მსოფლიო ენათა შორის.
სასურველია თუ პროექტი ნაციონალურ ხასიათს მიიღებს და მასში სხვადასხვა ორგანია ჩაერთვება. ეს გააიოლებს სამუშაო პროცესს, რომელიც გიგანტური საარქივო მასალის დამუშავებას გულისხმობს.
თუ ეს პროექტი განვითარდება, ქართულ ენას, ამ მხრივ, არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ის სინქრონულად გაჰყვება ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესს.
(R)