ივანიშვილის სისუსტე ის არის, როცა ვერ გიჭერს. ზოგიერთი საკუთარი ფეხით მივიდა ციხესთან. როგორ შეიძლება რეჟიმს კისერი მიუშვირო, თავი მომჭერიო, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებზე საუბრისას განაცხადა.
გოგიჩაიშვილის თქმით, ოპოზიციის ლიდერებმა “რეჟიმს არ უნდა მისცენ იმის საშუალება, რომ თავი დააჭერინონ”.
“არ შეიძლება ყურების ჩამოყრა. ამ ხალხს იქითკენ მიჰყავს აზრი, თითქოს სამყარო მთავრდება. არ შეიძლება ამ პროცესის ისე დანახვა, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ახლა არ არის უიმედობის დრო, არ შეიძლება საკუთარი ფეხით ციხესთან მისვლა, არ უნდა დააჭერინო თავი.
ივანიშვილის სისუსტე ის არის, როცა ვერ გიჭერს. ზოგიერთი საკუთარი ფეხით მივიდა ციხესთან. როგორ შეიძლება, რეჟიმს კისერი მიუშვირო, თავი მომჭერიო.
ახლა ადამიანებს სჭირდებათ, რომ აჩვენო იმედი და ბრძოლისუნარიანობა, ციხიდან რა უნდა იბრძოლონ? ამ ადამიანებს თუ აქვთ შესაძლებლობა, არ უნდა მისცენ რეჟიმს იმის საშუალება, რომ თავი დააჭერინონ. დღეს პოლიტიკაში ყოფნა პერსონალური რისკის მატარებელია, მაგრამ ჩვენ ხომ ამ რისკს ჩვენს თავზე ვიღებთ? მე თუ რამე დამემართება, ამის გამო არასდროს არ ვეტყვი სხვებს, რომ არ იბრძოლონ. ჩვენ ვინც მხარი დაგვიჭირა, ის ხალხი ხომ არსად წასულა, “ქართულ ოცნებას” კი კიდევ უფრო ნაკლები ამომრჩეველი ჰყავს, კიდევ უფრო მეტი ხალხი გაამწარა, კიდევ უფრო მეტი ადამიანის ნდობა დაკარგა.
ბიძინა ივანიშვილი ყოვლისშემძლე არ არის, არც მისი სისტემაა ყოვლისშემძლე”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
კითხვაზე, უნდა დატოვონ თუ არა საქართველო ბრალდებულმა პოლიტიკოსებმა, გოგიჩაიშვილმა უპასუხა, რომ თუ აქვთ მათ შესაძლებლობა, რომ დაპატიმრებას თავი აარიდონ, ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.
“თუ ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ციხეში არ ჩასხდნენ, არ უნდა ჩასხდნენ. მე ასე ვუყურებ ამ ამბავს. ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” სიამოვნებას იღებს მათი დაკავებით. სისტემა ფიქრობს, რომ ამ ადამიანების დაპატიმრებით ძლიერდება. ძლიერდება თუ არა, ეს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ აწმყოში ხომ აქვს განცდა, რომ ამით ძლიერდება და ყველაფერი შეუძლია, მაგრამ როდესაც ვერ იჭერს ადამიანს, რა თქმა უნდა, ამ დროს სისტემა სუსტია. “ქართული ოცნება” სტუდენტებთან არის მაგარი, ჩვენთან [პოლიტიკოსებთან] არის მაგარი, მაგრამ ის პოლიციელები, რომლებიც გავეშებული ეცემიან ხოლმე ქართველებს, უკან-უკან იხევენ საოკუპაციო ხაზთან. 55-ჯერ არის საოკუპაციო ხაზი გადმოწეული ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რატომ დაიხიეს უკან ამ ადამიანებმა, ისინი არ დგანან იქ? თუ სტუდენტებთან არიან ძალიან მაგრები?
ამიტომაც, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, ოღონდ ლეგალურად, სწორი ფორმებით, პოლიტიკური პროცესით უნდა გაგრძელდეს. პირდაპირ ვამბობ, თუ არის შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები [ბრალდებული პოლიტიკოსები] ივანიშვილმა ვერ დააკავოს, ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ. ჯობია არ დააჭერინონ თავი, არ დაჭერაში “ქართული ოცნების” უფრო მეტი სისუსტე ჩანს, ვიდრე დაჭერაში”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში გამგზავრებაზეც ისაუბრა, სადაც სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, “პოლიტიკური ტერორიზმის” საკითხზე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. გოგიჩაიშვილმა ეს ფაქტი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ კონტაქტები აღდგება და საქართველო დავიწყებას არ მიეცემა.
“ჩვენი სურვილია, რომ ეს ქვეყანა, ივანიშვილის სურვილის მიუხედავად, არ იყოს საერთაშორისო იზოლაციაში, შესაბამისად, ასეთი არხები თუ გაჩნდება და კომუნიკაცია შედგება, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით. მთავარი ამბავი არის ის, რომ ჩვენ არ დაგვივიწყონ.
რა შედეგი ექნება ქალბატონ მაკას ვიზიტს, მაგას ვნახავთ. ზოგადად, ეს პროცესი რომ მიდის, ცუდი არ არის იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად იქნება იზოლირებული ივანიშვილი, მით უფრო მეტი იქნება მისი შიში და სიშლეგე, მით უფრო აგრესიული და მძიმე იქნება ეს მოცემულობა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს კონტაქტები უნდა აღდგეს. დანგრეული კონტაქტების პირობებში მოცემულობა ძალიან მძიმე იქნება”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.