უკვე მოქმედმა კონტრაქტორებმა პრაქტიკაში დაინახეს, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მიმართ სახელმწიფოს მოთხოვნები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. მინდა, ეს გზავნილი ყველამ გაითვალისწინოს - ტენდერის მოგება არ ნიშნავს, რომ ობიექტი ნებისმიერ ფასად ჩაბარდება, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით მკაცრ პოლიტიკას ატარებს და ეს მიდგომა მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება.
“ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხარისხზე და ეს მხოლოდ რიტორიკა არ არის, ჩვენ ამას რეალურად ვნერგავთ ჩვენს საქმიანობაში. უკვე მოქმედმა კონტრაქტორებმა პრაქტიკაში დაინახეს, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მიმართ სახელმწიფოს მოთხოვნები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. მინდა, ეს გზავნილი ყველამ გაითვალისწინოს - ტენდერის მოგება არ ნიშნავს, რომ ობიექტი ნებისმიერ ფასად ჩაბარდება. ყველასგან უმაღლეს ხარისხს მოვითხოვთ. სამწუხაროდ, დღესაც გვაქვს გარკვეული შეფერხებები, რადგან როგორც ჩანს, ამ მოთხოვნის სერიოზულობა ბოლომდე არ აქვთ გააზრებული. ამ მიმართულებით უკომპრომისოები ვიქნებით და სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს დავიცავთ“, - აღნიშნა სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ბოლო თვეებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინფრასტრუქტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რომლის მიზანიც სექტორის გაჯანსაღება და პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესებაა.
„ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს წლების განმავლობაში გაჭიანურებული პროექტები. ეს ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოების ხარისხი. ამიტომ, თუ პროექტზე თუნდაც მცირედი ხარვეზი გამოვლინდება, კონტრაქტორს მისი გამოსწორება საკუთარი ხარჯებით უწევს. ჩვენი მიზანია, მოქალაქეებმა მიიღონ მხოლოდ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განმარტებით, ხარჯთეფექტურობა მხოლოდ პროექტის დაბალ ფასად განხორციელებას არ ნიშნავს. მისი თქმით, სახელმწიფო თითოეულ პროექტს გრძელვადიანი შედეგის გათვალისწინებით აფასებს.
„გზა ისე უნდა აშენდეს, რომ მას ათწლეულების განმავლობაში აღარ დასჭირდეს რეაბილიტაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ხარისხი და ვადების დაცვა. კომპანიები, რომლებიც ამ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ, ხოლო ყველა კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოს ვთავაზობთ“, - აღნიშნა მინისტრმა.