უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, უკრაინაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თელავში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რუსი ტურისტი „პოტენციურად შეიძლება იყოს ის, რომელსაც უკრაინელი სამართალდამცველები ეძებენ და არის რუსეთთან კოლაბორანტი“.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ რუსი ტურისტების უმეტესობა საქართველოში არ არის ჩამოსული მარტო დასასვენებლად, არამედ იმისთვის, რომ ინფორმაცია შეაგროვონ, რაც რუსეთის სპეცსამსახურებს სჭირდება.
„სამწუხარო ინციდენტია, შემიძლია ვთქვა, რომ ვგმობ ძალადობას, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია, რომ გამართლებულია, რადგან ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ჩამოსული რუსეთიდან, ცდილობენ ჩვენი მოსახლეობის პროვოცირებას. ქართველის ოჯახში ქორწილი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და ასეთი რაღაცის პროვოცირება და ჩაშლა დაუშვებელია. ასეთ პროვოკაციებზე უნდა რეაგირებდეს სახელმწიფო სტრუქტურები, სამართალდამცავები და სამწუხაროდ, თვითონ მოსახლეობას უწევს თავის დაცვა ასეთი ადამიანებისგან. თუ ეს ადამიანი მოხვდა რამდენიმე სამართალდამცავის ყურადღებაში, უნდა დაედეპორტებინათ, აღარ შემოეშვათ, მით უმეტეს, როდესაც ვრცელდება უკრაინაში ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი პოტენციურად შეიძლება იყოს ის, რომელსაც უკრაინელი სამართალდამცველები ეძებენ და არის რუსეთთან კოლაბორანტი. ჯერ არ ვიცით, დაზუსტებული ინფორმაცია არ არის ამის თაობაზე. თუ არის ეს ადამიანი საერთაშორისო ძებნაში, როგორ კვეთს რვაჯერ საზღვარს ისე, რომ უკრაინის მხარემ არ იცის?”, - აღნიშნავს მამულაშვილი.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები არ ცდილობებ აღკვეთონ საქართველოში აგენტურის მუშაობა.
ინფილტრაცია ყოველდღიურად ხდება საქართველოში და საქართველოს სპეცსამსახურები არ ცდილობენ აღკვეთონ აგენტურის მუშაობა საქართველოს ტერიტორიაზე და ესაა ძალიან სამწუხარო. ეს არის ის შემთხვევა და ფაქტი, როცა საქართველოს მოქალაქეს უწევს თავის დაცვა ადამიანებისგან, რომლებიც ჩამოსული არიან იმისთვის, რომ მოუწოდონ პუტინს, შემოიყვანოს [ჯარი]. ასეთი პრეცედენტები რომ არ მოხდეს, ბევრად უფრო აქტიურები უნდა იყვნენ სამართალდამცველები საქართველოს მხრიდან.
ე.წ. ტურისტების უმეტესობა არ არიან ჩამოსული მარტო დასასვენებლად და არიან ჩამოსული იმისთვის, რომ ინფორმაცია შეაგროვონ, ბევრი დეტალი, რაც რუსეთის სპეცსამსახურებს სჭირდება, თუნდაც ქართული მხარის და ქართველების განწყობა შეამოწმონ. ტურისტებთან ერთად უდიდესი ინფილტრაციაა რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების და არაა გამორიცხული, რომ ეს პიროვნებაც ერთ-ერთი მათგანი იყოს“, - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.