პროკურორი თელავის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტზე - გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, მათ შორის, ქალბატონების მიმართაც თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლებრივი კატეგორიის ფაქტი, მიეცემა შესაბამისი რეაგირება

გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, მათ შორის, აღნიშნული ქალბატონების მიმართაც შესაძლებელია გამოიკვეთოს რაიმე სახის ქმედების ჩადენის ფაქტი და თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლებრივი კატეგორიის ფაქტი, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, - ამის შესახებ თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული გიორგი ჭიღლაძის საქმის პროკურორმა ბექა ნათელაურმა სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე 5 ათასი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაოს მოთხოვნის დაყენებას აპირებს.

„როგორც ცნობილია, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. როგორც სხვა მსგავსი კატეგორიის დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილია გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით საპატიმრო უზრუნველყოფით.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, აქტის უშუალო თვითმხილველი პირების გამოკითხვები, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე გამოთხოვილია და საქმეს ერთვის არაერთი ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასახულია სხვადასხვა ფაქტი.

ამ ეტაპზე, გამოძიებით დადგენილია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სხვა ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიებას ექნება შესაბამისი რეაგირება.

მიმდინარეობს გამოძიება, აქტიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, აღნიშნული ფაქტი ყველა მხრივ იქნება გამოძიებული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მიეცემა.

გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, მათ შორის, აღნიშნული ქალბატონების მიმართაც შესაძლებელია გამოიკვეთოს რაიმე სახის ქმედების ჩადენის ფაქტი და თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლებრივი კატეგორიის ფაქტი, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა. ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუს ტურისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, რუსეთის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ ქალს. თავის მხრივ, ბრალდებულიც მიუთითებს ყელის არეში დაზიანებაზე.

მომხდარის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა