ამ წერილის შემდეგ შეიძლება მათ [ოპოზიციას] ძილი გაუქრათ და დაეკარგათ - ფაქტი ერთია: ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება და საზოგადოება ამას ხედავს იმის განურჩევლად ზოგიერთი ოპოზიციონერი რამდენად შეეცდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების თუ ნაბიჯის დამცირებას და დაკნინებას, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან ამერიკა-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე და დონალდ ტრამპის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ორმხრივი ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში ვითარდება.
„ორმხრივი ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში ვითარდება, რასაც უკვე მოჰყვა კონკრეტული გადაწყვეტილებები როგორც შეხვედრების, ვიზიტების, ურთიერთგაცვლის და კონკრეტული გადაწყვეტილებების დონეზე. ეს ურთიერთობები ვითარდება. ჩვენ და პრემიერ-მინისტრის გუნდმა არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი მზაობა იმის, რომ უფრო მეტად გაღრმავდეს ეს ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტულ გზამკვლევს დავაფუძნოთ. ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, საქართველოს ინტერესების დაცვით და რაც მთავარია ურთიერთ თანასწორობის ნიადაგზე. დანარჩენი უკვე სამუშაო პროცესია. ამ პროცესში ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს აქვს პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატული. დანარჩენი უკვე დამოკიდებული იქნება ამ კონკრეტულ პროცესზე. მთავარი აქ არის ის, რომ ის ძალიან ცუდი და ნეგატიური მემკვიდრეობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარსულს ჩავაბარეთ და ჩვენ დღეს შესაძლებლობა გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები ასე ნაბიჯ-ნაბიჯ თანმიმდევრულად ავაშენოთ, რომელიც იმედია, სტრატეგიულ პარტნიორობამდე მიგვიყვანს. ეს, რა თქმა უნდა, ეს 100%-ით გარანტირებული პროცესი არ არის, ეს სამუშაო პროცესია. ჩვენ ამ პროცესში ვეძებთ გადაკვეთის და საერთო ინტერესის წერტილებს. იმედია, რომ ასეთი საერთო ინტერესების წერტილები გამოიკვეთება და სტრატეგიულ პარტნიორობას უკვე ამ ინტერესებზე დავაშენებთ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის სამადლობელ წერილს უგზავნის. როგორც ტრამპი წერილში წერს, საქართველოს და აშშ-ს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეუძლია.