ოკუპირებული ცხინვალი ევროკავშირის განცხადებას, რომელიც სირიის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ეხება, „სუვერენული სახელმწიფოს“ შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან სირიის პარლამენტთან იმუშაონ, რათა გააუქმონ ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ, სირიის ხელმძღვანელობაზე ზეწოლად აფასებს.

„ჩვენ ევროკავშირის მხრიდან ასეთ რიტორიკას სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად მივიჩნევთ. ევროკავშირი, რომელიც სიტყვებით საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი ერთგულებას და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემას გამოხატავს, სინამდვილეში ცდილობს დამოუკიდებელ სირიას უკარნახოს, რომელი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს და რომელი გააუქმოს“, - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.

მათი მტკიცებით, სირიის მიერ 2018 წელს სამხრეთ ოსეთის აღიარება სუვერენული სახელმწიფოს თავისუფალი ნების გამოხატულება იყო, რომელიც, მათი განცხადებით, ეფუძნებოდა ობიექტურ ისტორიულ რეალობასა და ხალხების თვითგამორკვევის უფლებას.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულია საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით და არ ექვემდებარება გადახედვას გარე ძალების ზეწოლის ქვეშ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე შეფასებით, „ბრიუსელის მცდელობები, ეკონომიკური ან პოლიტიკური ბერკეტები ამიერკავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გადასახედად გამოიყენოს, უშედეგო და კონტრპროდუქტიულია“.

შეგახსენებთ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან სირიის პარლამენტთან იმუშაონ, რათა გააუქმონ ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ.

„ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან იმუშაონ სირიის სახალხო კრებასთან [პარლამენტთან] და საერთო მიზნებისთვის იმუშაონ, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის დაცვისთვის ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებით, რომლებმაც აღიარეს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა", - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა