საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო თამარ იარაჯულის არასრულწლოვანი შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება განმარტავს, რომ კონსილიუმის შეფასებით, ქვეყანაში ხელმისაწვდომია ყველა აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
იმ შემთხვევაში კი თუ პაციენტის მკურნალობა საზღვარგარეთ დაიგეგმება, სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.
„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის თითოეული პაციენტის ჯანმრთელობა და საუკეთესო ინტერესების დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია, მით უფრო, როდესაც საქმე არასრულწლოვანს ეხება. მხოლოდ და სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს უწყება მოცემულ შემთხვევაშიც.
პაციენტის მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით, სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა შესაბამისი დარგების წამყვან სპეციალისტებთან. ასევე, შეიკრიბა შესაბამისი კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქვეყნის წამყვანი კლინიცისტები და ყველა შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი, რის საჭიროებაც ამ დრომდე გამოიკვეთა. სამინისტროს მხრიდან ითქვა იმის შესახებაც, რომ მომავალში, ნებისმიერი მსგავსი საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩართულობა.
კონსილიუმის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში არსებობს და სრულად ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო რესურსი, მათ შორის პროფესიული შესაძლებლობები, რათა პაციენტს საერთაშორისო კლინიკური პროტოკოლებისა და გაიდლაინების სრული დაცვით ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა, მათ შორის — ქირურგიული ჩარევა საჭიროებისამებრ, ასევე — ყველა სხვა მხარდამჭერი მანიპულაცია. ამასთან, საუბარია არც თუ რთულ სამედიცინო პროცედურებზე, რომლის მსგავსიც ყოველდღიურად ტარდება, მაღალ დონეზე, საქართველოს არაერთ კლინიკაში.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კონსილიუმის შეფასებით, ქვეყანაში ხელმისაწვდომია ყველა აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის მკურნალობა საზღვარგარეთ დაიგეგმება, სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მომავალშიც განაგრძობს მოქმედებას მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების, პროფესიული სამედიცინო შეფასებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, - წერია განცხადებაში.