გრიგოლ გეგელია - ისტორიას არ ახსოვს აშშ-ისა და გერმანიის მსგავსი ინტერესი შუა კორიდორის მიმართ! ეს არის აქამდე არნახული შესაძლებლობა, რასაც ნორმალური ხელისუფლება დაუყოვნებლივ გამოიყენებდა

ისტორიას არ ახსოვს აშშ-ისა და გერმანიის მსგავსი, მით უმეტეს თანადროული, ინტერესი შუა კორიდორის მიმართ! ეს არის აქამდე არნახული და სრულიად უნიკალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური შესაძლებლობა საქართველოსთვის. ნორმალური ხელისუფლება ამ მომენტს დაუყოვნებლივ გამოიყენებდა ქართული ეროვნული და სტრატეგიული ინტერესების წინ წასაწევად, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გეგელიას თქმით, საქართველო ერთ დროს იყო ერთადერთი სახელმწიფო, ვისაც ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან და გერმანიასთან, დღეს კი ეს მოცემულობა საპირისპიროდ არის შეცვლილი.

მისივე განცხადებით, სამხრეთ კავკასიამ გადადგა ისტორიული ნაბიჯები ნამდვილი მშვიდობისკენ, მაგრამ ეს მოხდა საქართველოს გარეშე, რადგან „რუსულმა რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა პერსპექტივის რელსებიდან უპერსპექტივობის ჭაობში გადაჩეხა“.

„სანამ “ქართული ოცნება” გერმანიის რესპუბლიკას ესხმის თავს, აზერბაიჯანმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ისტორიულ შეთანხმებას.

პირველად ისტორიაში, გერმანიამ აზერბაიჯანი დაასახელა სტრატეგიულ პარტნიორად და პარალელურად აღრმავებს ურთიერთობებს სომხეთთან.

ეს არის ევროპის წამყვანი სახელმწიფოს და წამყვანის ეკონომიკის სრულიად ახლებური ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ.

აშშ-ის მიერ სამხრეთ კავკასიისადმი გამოჩენილი უპრეცედენტო ინტერესის კვალდაკვალ, დღეს უკვე გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ “სამხრეთ კავკასია არის ევროპის და აზიის შემაკავშირებელი კრიტიკული მნიშვნელობის კვანძი”, რითაც ის ხაზს უსვამს გერმანიის სტრატეგიულ ინტერესს შუა კორიდორისადმი.

ისტორიას არ ახსოვს აშშ-ისა და გერმანიის მსგავსი, მით უმეტეს თანადროული ინტერესი შუა კორიდორის მიმართ! ეს არის აქამდე არნახული და სრულიად უნიკალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური შესაძლებლობა საქართველოსთვის!

ნორმალური ხელისუფლება ამ მომენტს დაუყოვნებლივ გამოიყენებდა ქართული ეროვნული და სტრატეგიული ინტერესების წინ წასაწევად, აზერბაიჯანის და სომხეთის ჩართულობით ანაკლიის პორტის ასაშენებლად, ქართული ეკონომიკის გასაზრდელად და ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის შესაქმნელად!

მაგრამ, სად არის ამ დროს საქართველო? ისევ და ისევ არსად!

იყო დრო, საქართველო იყო ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, ვისაც ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. დღეს ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო ვისაც აღარ აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. იყო დრო ჩვენ ვიყავით გერმანიის ყველაზე მჭიდრო პარტნიორი. დღეს ჩვენ ვართ ყველაზე სუსტი პარტნიორი.

რეჟიმი, რომელმაც მიზანმიმართულად მოკლა მშვიდობისა და კეთილდღეობის უმთავრესი გეოპოლიტიკური პროექტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აგრძელებს პროპაგანდისტულ ლაყბობას მშვიდობასა და კეთილდღეობაზე, მაგრამ ანაკლია ისევ არ აშენებულა, ათობით ათასი სამუშაო ადგილი ისევ არ შექმნილა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ეკონომიკური პოტენციალი ისევ არ ამაღლებულა და საქართველო ისევ არ წასულა წინ.

ამასობაში, სამხრეთ კავკასიამ მართლაც გადადგა ისტორიული ნაბიჯები ნამდვილი მშვიდობისკენ, მაგრამ ეს მოხდა საქართველოს გარეშე, რადგან რუსულმა რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა პერსპექტივის რელსებიდან უპერსპექტივობის ჭაობში გადაჩეხა.

სანამ რეჟიმის პროპაგანდა ურცხვად საუბრობს ტრანზიტული შესაძლებლობების განვითარებაზე და საზოგადოებას ატყუებს, რომ თითქოს საქართველოს გარეშე “მაინც არაფერი გამოვა”, ფაქტები და ისტორია სწრაფი ტემპით გვიჩვენებს საპირისპიროს!

სწორედ საქართველოს გვერდის ავლით, ყოველდღიურად ძლიერდება ალტერნატიული ტრანზიტული გზა, რასაც მოწმობს ისიც, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში უკვე შევიდა 40,000 ტონა ტრანზიტული ტვირთი.

დასკვნა ერთია: „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის უნიჭობის, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების, დაკარგული პერსპექტივის და სიღარიბის რეჟიმი.

მშვიდობა და კეთილდღეობა აინტერესებს ყველას, მაგრამ არავის არ აინტერესებს მატყუარა "ქოცური" რეჟიმი რომელიც მხოლოდ მანიპულირებს ამ ტერმინებით, სინამდვილეში კი უპირისპირდება მშვიდობისმოყვარე დემოკრატიულ მსოფლიოს და დგება ომის მოყვარე ავტოკრატიული რეჟიმების გვერდით, რომელიც ანადგურებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობებს, მტრებს მოყვარეს უწოდებს, ხოლო მოყვრებს მტრებს.

სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად, საქართველო მართლაც იქცა კუნძულად, ოღონდ არა მშვიდობის, არამედ სიღარიბისა და უპერსპექტივობის კუნძულად“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო