გრიგოლ გეგელია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე - „ოცნების“ რეჟიმის კიდევ ერთი კრახი საერთაშორისო ასპარეზზე - აშშ-თან ურთიერთობების დალაგების ნაცვლად, „ოცნებამ“ დღეს კონგრესისგან მორიგი მძიმე დარტყმა მიიღო

„ოცნების“ რეჟიმის კიდევ ერთი კრახი საერთაშორისო ასპარეზზე - აშშ-თან ურთიერთობების დალაგების ნაცვლად, „ოცნებამ“ დღეს კონგრესისგან მორიგი მძიმე დარტყმა მიიღო,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველო“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის მიღებას, რომელიც საქართველოს შესახებ ჩანაწერსაც შეიცავს.

გეგელიას თქმით, აქტის მიღება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ამერიკული ინტერესი საქართველოს, შუა დერეფნისა და სტრატეგიული უსაფრთხოების მიმართულებით კვლავაც ადგილზეა და პრიორიტეტულია, თუმცა, „სავალალოა, რომ მაშინ როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი აშშ-თან სტრატეგიულ ურთიერთობებს აღრმავებენ, საქართველო დღეს ეჭვმიტანილია ანტი-ამერიკულ დიქტატურებთან თანამშრომლობაში”.

„კონგრესმა დაამტკიცა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელშიც შესულია მკაფიო ჩანაწერი საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც თავდაცვის მდივანს, სახელმწიფო მდივანს, სადაზვერვო სამსახურს და სხვა ინსტიტუტებს ავალებს აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში წარადგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობას და მათი გავლენების, ინტერესების და თანამშრომლობის პოტენციურ გადაკვეთას ეხება.

აქტის მიღება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ამერიკული ინტერესი საქართველოს, შუა დერეფნისა და სტრატეგიული უსაფრთხოების მიმართულებით კვლავაც ადგილზეა და პრიორიტეტულია.

თუმცა, სავალალოა, რომ მაშინ როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი აშშ-თან სტრატეგიულ ურთიერთობებს აღრმავებენ, საქართველო დღეს ეჭვმიტანილია ანტი-ამერიკულ დიქტატურებთან თანამშრომლობაში.

ამის გამოძახილია, რომ ამერიკელი კანონმდებლები თეთრ სახლსა და პენტაგონს დღეს უკვე ღიად ავალებენ პრო-აქტიურად გააკონტროლონ საქართველო, რომელიც ბოლო წლებში ანტი-დასავლური ძალების შავბნელი საქმეების პოლიგონად გადაიქცა.

კანონპროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს აგრეთვე ავალებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც კრიტიკულად შეაფასებს აშშ-ს დაფინანსებას და სამხედრო, სავაჭრო, და საინვესტიციო კავშირების შესაძლო გადახედვას.

რას ნიშნავს ეს? ნაცვლად ურთიერთობების გაღრმავებისა, მეტი ვაჭრობისა, მეტი სამხედრო თანამშრომლობისა, დღეს ამერიკელმა კანონმდებლებმა აღმასრულებელ შტოს დაავალეს დასვას შემდეგი კითხვა: საერთოდ უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-მ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ძალისხმევის და ინვესტიციების ჩადება?

ნორმალური ხელისუფლების პირობებში, დღეს საქართველო უნდა აღრმავებდეს სტრატეგიულ ურთიერთობას აშშ-თან, აშენებდეს ანაკლიას სომხეთის და აზერბაიჯანის ჩართულობით, ამდიდრებდეს ქართველ ერს და ქმნიდეს ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ერის განვითარებისთვის.

ამის ნაცვლად „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის დაკარგული შესაძლებლობების, სიღარიბის, მასობრივი ემიგრაციის და უპერსპექტივობის რეჟიმი, რომელმაც ღარიბ ერს განვითარების ყველა შესაძლებლობა ჩაუხერგა”,- განაცხადა გეგელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო