თუ ვინმე თავისი თავისუფლების სანაცვლოდ ცრუ ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს, რითაც ის იყიდის თავისუფლებას, მაგრამ ტყუილის სანაცვლოდ გრიგოლ ლილუაშვილს დაადებს ხელს, ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი. რომეო მიქაუტაძე იქნება თუ სხვა ვინმე, თუკი ის ცრუ ინფორმაციას აწვდის სასამართლოს, მისი გადამოწმების შედეგად უნდა დასტურდებოდეს ნებისმიერი ის ფაქტობრივი გარემოება, რაზეც ისაუბრებს, - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გრიგოლ ლილუაშვილს არანაირი სახის დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღია.
„დაცვის მხარისთვის უცნობია დღევანდელ პროცესზე რომელი მოწმე ჰყავს წარმოდგენილი ბრალდების მხარეს. თუმცა დღემდე წარმოდგენილი ვერცერთი მოწმე ვერ გასცდა ჭორაობის სტანდარტს. ეს იქნება ძალიან ცუდი და არასწორი პრეცედენტი - სამართლებრივ კოლაფსში შეიყვანს სამართლაწარმოებას თუკი ჩვენ ჭორაობას დავარქმევთ მტკიცებულებას, აღნიშნული სტანდარტით მოვახდენთ პირების მიმართ ბრალის წარდგენას და სამომავლოდ თუნდაც შემდგომ მსჯავრდებას. ვიმედოვნებ, რომ ჭორაობის საფუძველზე გრიგოლ ლილუაშვილის მსჯავრდება არ მოხდება, იქიდან გამომდინარე, რომ დაცვის მხარეს სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს.
რაც შეეხება რომეო მიქაუტაძეს, მე არ ვიცი ის უნდა დაიკითხოს თუ არა დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ის მხოლოდ იმ ობიექტურ ჭეშმარიტებას გააჟღერებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირი სახის დანაშაულში არ აქვს მონაწილეობა მიღებული, ისევე როგორც თავად რომეო მიქაუტაძეს. მოლოდინი იმისა ხვალ, ზეგ რა შეიძლება იყოს და ვინ შეიძლება როგორ გამოიყენოს ვინმემ, ამას ბუნებრივია დაცვის მხარე ვერ გამორიცხავს, ვინაიდან ადამიანები ვაჭრობენ და მანიპულირებენ თავიანთი თავისუფლებით. რაღაც კუთხით შეიძლება ვინმეს ჰქონდეს განზრახვა თანამშრომლობისა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ რომეო მიქაუტაძე წარმოადგენს იმ რგოლს და იმ ადამიანს, რომელსაც აქვს თავისი ღირსება და ბუნებრივია, ის მხოლოდ სიმართლეს წარმოაჩენს სასამართლოში, რომ არანაირი სახის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.
ჩემთვის სახელმძღვანელო არის მხოლოდ ის ჭეშმარიტება, რომ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირი სახის დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღია. ხვალ და ზეგ თუ ვინმე თავისი თავისუფლების სანაცვლოდ ცრუ ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს და რაიმე ფორმით იმგვარ ფსევდო თანამშრომლობას განახორციელებს, რითაც ის იყიდის თავისუფლებას, მაგრამ ტყუილის სანაცვლოდ გრიგოლ ლილუაშვილს დაადებს ხელს, ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი. რომეო მიქაუტაძე იქნება თუ სხვა ვინმე, თუკი ის ცრუ ინფორმაციას აწვდის სასამართლოს, მისი გადამოწმების შედეგად უნდა დასტურდებოდეს ნებისმიერი ის ფაქტობრივი გარემოება, რაზეც ისაუბრებს“,- განაცხადა ლანა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.