ნიკა გვარამია - დღეს ორი უზუსტესი და უმწარესი დარტყმა მიიღო "ქართულმა ოცნებამ", მისთვის ყველაზე მტკივნეულ წერტილებში: ფული და რუსული კავშირები - მთავარია, ეს ყველაფერი ამავე ტემპით და ასეთივე სწორხაზოვნებით გაგრძელდეს

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ვაშინგტონისა და ბრიუსელის ბოლო გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნებისთვის" მიყენებულ „უმწარეს დარტყმას“ უწოდებს.

გვარამიას თქმით, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტით დასახული ამოცანები და ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც ყულევის ქარხანასა და ქართულ კრიპტოპლატფორმებს ეხება, მიზანმიმართული სასჯელია ივანიშვილის ხელისუფლებისთვის და არა საქართველოსთვის, რაც ოპოზიციისა და საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო აქტიურ დაკოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს.

"დღეს ორი უზუსტესი და უმწარესი დარტყმა მიიღო "ქართულმა ოცნებამ", მისთვის ყველაზე მტკივნეულ წერტილებში: ფული და რუსული კავშირები. ვაშინგტონმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჩადო მოთხოვნა, გამოძიებულ იქნეს, რამდენად გაჟღენთილია რეჟიმის უსაფრთხოების სტრუქტურები რუსული და ჩინური სადაზვერვო ქსელებით. იგივე აქტმა, საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას დაუკავშირა. ეს ორპარტიული წითელი ბარათია "ქართული ოცნებისთვის" და ამერიკის ნებისმიერ თანამდებობის პირს თუ ადმინისტრაციას ძალიან გაუჭრიდება კონკრეტული კონტექსტური მოსაზრებით თუ სიტუაციური საჭიროების გამო შერბილების კუთხით გადახედოს ქოცებთან ურთიერთობას, თუნდაც ტრანზაქციული პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე.

ბრიუსელმა კი დღეს ტრანზაქციები აუკრძალა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სადაც თვეების განმავლობაში მშვიდად მუშავდებოდა რუსული ნავთობი და შემდეგ ექსპორტირდებოდა, როგორც ქართული. ამით "ქოცები" და პირადად ივანიშვილი შოულობდნენ უზარმაზარ ფულს, ხოლო საქართველო იღებდა უმძიმეს რეპუტაციულ ზიანს, როგორც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დამხმარე ქვეყანა, რომელიც პარაზიტირებს ომზე.

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტშივე აღმოჩნდა ქართული კრიპტოპლატფორმებიც: ისევ და ისევ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც რეჟიმის გამდიდრების და ქვეყნის დაზიანების ისეთივე მუშა მექანიზმია, როგორც ყულევის ქარხანა. კრიპტომომსახურების პლატფორმების შემდეგ, ჯერი დგება კრიპტომაინინგზე, რაშიც სრულიად ქოცელიტაა ჩართული, ხოლო პირადად ივანიშვილი უმსხვილესი ქარხნების მფლობელია, რომლებიც პრაქტიკულად სახელმწიფო რესურსით იღებს უზარმაზარ შემოსავლებს, აძვირებს დენს მოქალაქეებისთვის და თან პრაქტიკულად არავის არ ასაქმებს და არანაირი ხეირი არ მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის, არც გადასახადების სახით.

ცხადია, ეს არაა საქართველოს დასჯა. ეს არის სასჯელი ივანიშვილის რეჟიმისთვის, თან ძალიან ცხადი, დროული, სწორად კალიბრირებული და სწორად დამისამართებული.

მთავარია, ეს ყველაფერი ამავე ტემპით და ასეთივე სწორხაზოვნებით გაგრძელდეს. აქ კი გადამწყვეტი ისაა, როგორ ვიქცევით ჩვენ, როგორც უცხოელ მეგობრებთან მუშაობისას (რასაც ქოცები საბოტაჟს ეძახიან და რისთვისაც გვასამართლებენ), ასევე ქვეყნის შიგნით ერთმანეთთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას", - წერს გვარამია.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო