FIDE-ს რუსმა პრეზიდენტმა, არკადი დვორკოვიჩმა ევროკავშირის სანქციების გამო უფლებამოსილება შეიჩერა

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) რუსმა პრეზიდენტმა, არკადი დვორკოვიჩმა, განაცხადა, რომ ორგანიზაციაში საქმიანობას აჩერებს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სანქციების უახლეს, 21-ე პაკეტში მოხვდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დვორკოვიჩმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას „უკანონო და უსამართლო“ უწოდა და განაცხადა, რომ მას ყველა შესაძლო სამართლებრივი და სხვა საშუალებით გაასაჩივრებს.

„თუმცა, ვინაიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და/ან ამ გადაწყვეტილების გაუქმებამდე ან შეცვლამდე აღნიშნულმა სანქციებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს FIDE-ის სტაბილურ ფუნქციონირებას, მივიღე გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ, ნებაყოფლობით შევაჩერო ჩემი, როგორც FIDE-ს პრეზიდენტის, უფლებამოსილებები და მოვალეობები“, - აღნიშნულია დვორკოვიჩის განცხადებაში.

მისი ინფორმაციით, ფედერაციის დროებითი პრეზიდენტის პოსტს ინდოელი მსოფლიო ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი დაიკავებს.

რუსეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა დვორკოვიჩმა, რომელიც FIDE-ს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, გასულ თვეში განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა იყრის კენჭს. არჩევნები FIDE-ს გენერალურ ასამბლეაზე, სექტემბერში, უზბეკეთის დედაქალაქ სამარყანდში დაგეგმილ ჭადრაკის ოლიმპიადაზე გაიმართება.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ