ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილს ვეთანხმები არასამთავრობოების შეფასებაში, მან მათ „გრანტიჭამიები“ უწოდა - არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ვეთანხმები იმაში, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის - ორივე მართალია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია, „მაქსიმალური სითავხედეა“ და ახლა ფიქრობენ, „ასეთი სითავხედეც აღარ გაავრცელონ ხოლმე“.
„ეს არის ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სააკაშვილს ვეთანხმები ამ არასამთავრობოების შეფასებაში. მან მათ „გრანტიჭამიები“ უწოდა. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეთანხმები იმაში, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის. ორივე მართალია - ის [არასამთავრობო ორგანიზაცია] „გრანტიჭამიაა“ და ის [მიხეილ სააკაშვილი] პოლიტიკური პატიმარი არ არის.
როდესაც ეს მდიდარი „ენჯეოები“ ავრცელებენ სიცრუეს, მაქსიმალური სითავხედეა რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. დანარჩენს, რასაც ავრცელებენ, 99% არის მსგავსი სითავხედე, თუმცა სააკაშვილი რომ პოლიტიკური პატიმარი არ არის ეს ყველამ იცის, სააკაშვილის მომხრეების თამადობით. შესაბამისად, ალბათ, ფიქრობენ რომ ასეთი სითავხედეც აღარ გაავრცელონ ხოლმე და უფრო დამაჯერებლები იყვნენ, თუმცა მარტო სააკაშვილის ამოღება მათი განცხადებებიდან, როგორც პოლიტიკური დევნილის, მათ ნამდვილად არ მიეხმარება იმაში, რომ დანარჩენი ნაწილი საზოგადოებამ დაიჯეროს,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 91 პოლიტიკური პატიმარია. ორგანიზაციის განცხადებით, სიაში შეყვანილი 91 პირი აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილ პოლიტპატიმრის კრიტერიუმებს. საუბარია 91 მსჯავრდებულსა და ბრალდებულზე, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.
მოგვიანებით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ პოლიტპატიმართა სიაში არ შეიყვანა. მისივე თქმით, აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციას არანაირი ავტორიტეტი არ აქვს და მას ხალხი „არაგულწრფელ გრანტიჭამიებად“ თვლის.
ამასთან, განცხადება გაავრცელა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“ და აღნიშნა, რომ კამპანია „ანტიმიშა“ მხოლოდ ამ ორგანიზაციის რეპუტაციას აზიანებს.