სააკაშვილი და ეს ორგანიზაციები მაინც ერთი პოლიტიკური ოჯახის წევრები არიან და მოგეხსნებათ, ოჯახში ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან - რასაც ახლა ვუყურებთ, ნიანგის ცრემლებია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შორის დაპირისპირებით „აგენტურული ხაზი არ შეიცვლება“.
„რასაც ახლა ვუყურებთ, ნიანგის ცრემლებია. სააკაშვილი და ეს ორგანიზაციები მაინც ერთი პოლიტიკური ოჯახის წევრები არიან და მოგეხსენებათ, ოჯახში ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან. ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა ქმედება სწორედ რადიკალიზმის და მეხუთე კოლონის მხარდაჭერის ეგიდით იყო ცნობილი და ასე აგრძელებენ. სააკაშვილი პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანეს თუ არა, ამით ბევრი არაფერია ნათქვამი. შეფასებები, რომელიც სააკაშვილმა ამ ორგანიზაციების მიმართ გააკეთა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი რაღაც სიმართლეს შეესაბამება, როცა მათ უწოდა ის რაც უწოდა. ასეც არის რეალურად, თუმცა ამით დიდად არაფერი იცვლება, რადგან სააკაშვილი თავისი მეხუთე კოლონით და აგენტურული ოპოზიციით, ერთი მთლიანი სისტემის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საკუთარი სამშობლოს მიმართ არანაირი პოზიტიური და პატრიოტული დამოკიდებულება არ გააჩნია. ასე რომ, დღეს იჩხუბეს, ხვალ შერიგდებიან და ამით აგენტურული ხაზი არ შეიცვლება,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 91 პოლიტიკური პატიმარია. ორგანიზაციის განცხადებით, სიაში შეყვანილი 91 პირი აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილ პოლიტპატიმრის კრიტერიუმებს. საუბარია 91 მსჯავრდებულსა და ბრალდებულზე, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.
მოგვიანებით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ პოლიტპატიმართა სიაში არ შეიყვანა. მისივე თქმით, აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციას არანაირი ავტორიტეტი არ აქვს და მას ხალხი „არაგულწრფელ გრანტიჭამიებად“ თვლის.
ამასთან, განცხადება გაავრცელა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“ და აღნიშნა, რომ კამპანია „ანტიმიშა“ მხოლოდ ამ ორგანიზაციის რეპუტაციას აზიანებს.