BTU-ს პროექტი AI4Globe მიღწეული შედეგების საფუძველზე UNESCO-ს საერთაშორისო მეცნიერების ათწლეულის ოფიციალურ პლატფორმაზე 2026 წელსაც განახლებული სტატუსით განთავსდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მიერ ინიცირებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი AI4Globe UNESCO-ს საერთაშორისო მეცნიერების ათწლეულის (International Decade of Sciences for Sustainable Development – IDSSD, 2024–2033) ოფიციალურ პლატფორმაზე 2026 წელს განახლებული სტატუსით განთავსდა, რაც პროექტის მიღწეული შედეგებისა და ინიციატივის მიზნებთან შესაბამისობის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა.
AI4Globe ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების განვითარების საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ქალებისთვის, აკადემიური სფეროსა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროექტის ფარგლებში ქართულ და ინგლისურ ენებზე იქმნება მულტიმედიური საგანმანათლებლო რესურსები, სასწავლო აქტივობები და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
UNESCO-ს საერთაშორისო მეცნიერების ათწლეულის ოფიციალურ პლატფორმაზე AI4Globe-ის 2026 წელს განახლებული სტატუსით განთავსება კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის შესაბამისობას ინიციატივის ძირითად ღირებულებებსა და მიზნებთან, რომლებიც მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციების მეშვეობით მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ AI4Globe საქართველოდან ინიცირებული ერთადერთი პროექტია, რომელიც UNESCO-ს საერთაშორისო მეცნიერების ათწლეულის ოფიციალურ პლატფორმაზეა წარმოდგენილი და საერთაშორისო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომია. პროექტი უკვე ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში, და ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი და ინკლუზიური გამოყენების პოპულარიზაციას.
საერთაშორისო მეცნიერების ათწლეული მდგრადი განვითარებისთვის (IDSSD 2024–2033) UNESCO-ს გლობალური ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების როლის გაძლიერებას, მეცნიერებას, პოლიტიკასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის განმტკიცებას და გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ინკლუზიური გადაწყვეტილებების მხარდაჭერას.
(R)