ირაკლი ჭეიშვილი - მოსაწონი არ იყო ნოდარ დუმბაძის გამაიმუნება, გაბითურება, თუმცა არავისთვის არაფერი მომიწოდებია - პირში წყალი დამეგუბებინა და კომენტარი არ გამეკეთებინა შიშით, რომ ქუჩაში არავინ დახვედროდა?! ენა უნდა აკონტროლოს ზრდასრულმა ადამიანმა

მოსაწონი არ იყო ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა, გინება, დაცინვა, გამაიმუნება, გაბითურება, თუმცა არავისთვის არაფერი მომიწოდებია - პირში წყალი დამეგუბებინა და კომენტარი არ გამეკეთებინა იმის შიშით, რომ ქუჩაში არავინ დახვედროდა?! დაცვა ამეყვანა ამ ადამიანისთვის?! ენა უნდა აკონტროლოს ზრდასრულმა ადამიანმა, მით უმეტეს, როდესაც საჯაროდ ზიხარ და კომენტარებს აკეთებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ფიზიკური ძალადობა „მოსაწონი არ არის“.

„მე არ ვამართლებ იმას, რაც ქუჩაში მოხდა. მე არ ვფიქრობ, რომ ასე უნდა გაუსწორდნენ ადამიანებს. გაღიზიანებული მოქალაქე ქუჩაში დახვდა. არასწორად მოიქცა, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ადამიანს სასტიკად გაუსწორდა და შესაბამისად, პასუხისგებაში მიეცა. მე არავისთვის არაფერი მომიწოდებია. პირში წყალი დამეგუბებინა და კომენტარი არ გამეკეთებინა იმის შიშით, რომ ქუჩაში არავინ დახვედროდა?! პოლიტიკოსი ვარ და შეფასება გავაკეთე. დაცვა ამეყვანა ამ ადამიანისთვის?! ენა უნდა აკონტროლოს ზრდასრულმა ადამიანმა, მით უმეტეს, როდესაც საჯაროდ ზიხარ და კომენტარებს აკეთებ.

ეს [ძალადობა] არ არის მოსაწონი, გალახეთ-მეთქი არ მითქვამს. მოსაწონი არ იყო ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა, გინება, დაცინვა, გამაიმუნება, გაბითურება. არა ბუღაძეა მაგარი და ნოდარ დუმბაძეა არაფერი?!“ - განაცხადა ჭეიშვილმა.

ჟურნალისტის სიტყვებზე, „პარლამენტში ჩხუბია ყოველდღე...“ ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა: „ყოველდღე ჩხუბი სად ნახეთ ამ მოწვევაში?! ერთხელ ვიჩხუბეთ და იმას გადაგვაყოლეთ მოკლედ“.

ცნობისთვის, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მწერალ ნოდარ დუმბაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მომხდარ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ამას ვიდეომიმართვით თავად ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას „აშავებენ“, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ეზიზღება.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი