გიორგი სიორიძე - თბილისში მომხდარმა თავდასხმებმა, მკვლელობამ, ბათუმში შეიარაღებულმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება მოშლილია - ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო გადააქცია რუსული მოდელის „ქურდულ ოცნებად“

ბოლო დღეებში თბილისში მომხდარმა თავდასხმებმა, არასრულწლოვანის მკვლელობამ, ბათუმში მომხდარმა შეიარაღებულმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება მოშლილია. ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო გადააქცია რუსული მოდელის „ქურდულ ოცნებად“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

სიორიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევები არა ცალკეული ტრაგედიები, არამედ სისტემური კრიზისის ერთიანი სურათია, სადაც ხელისუფლებამ დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის კონტროლი დაკარგა.

„დღეს საქართველოში ყველაზე მწვავე პრობლემა ადამიანების უსაფრთხოებაა. ბოლო დღეებში თბილისში მომხდარმა თავდასხმებმა, არასრულწლოვანის მკვლელობამ, ბათუმში მომხდარმა შეიარაღებულმა თავდასხმამ, განსაკუთრებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხდარმა მძიმე დანაშაულებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება მოშლილია.

„ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ემსგავსება „ქურდულ ოცნებას“ საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, სადაც კანონის ძალას კრიმინალური გავლენები ანაცვლებს, ხოლო სახელმწიფოს სიმკაცრე მიმართულია არა დამნაშავეების, არამედ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და თავისუფალი აზრის მქონე მოქალაქეების წინააღმდეგ.

როდესაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ქმნის დაუსჯელობის განცდას, როდესაც საზოგადოებაში არსებობს კითხვები კრიმინალურ სამყაროსთან შესაძლო კავშირებსა და მის პოლიტიკურ გამოყენებაზე, როდესაც არსებობს კითხვები პენიტენციურ სისტემაში ქურდული სამყაროს გავლენების გაძლიერების შესახებ, საბოლოოდ ზარალდება ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი და ძლიერდება ორგანიზებული კრიმინალი.

ეს უკვე აღარ არის ცალკეული ტრაგედიები, ეს არის სისტემური კრიზისის ერთიანი სურათი, სადაც ხელისუფლებამ დაკარგა დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის ეფექტიანი კონტროლი.

17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა. ის სახელმწიფოს გულგრილობისა და სისტემური უმოქმედობის მსხვერპლიც გახლავთ. ეს არის პოლიციისა და შესაბამისი უწყებების უმოქმედობა, როდესაც ფსიქიკური პრობლემების მქონე პირს სახლში ჰქონდა სამი გაფორმებული იარაღი, მას შეეძლო თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციას ფლობდნენ სამართალდამცავი უწყებები.

ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, სადაც კანონი მართავს ქვეყანას და არა კრიმინალური მენტალიტეტი. ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო გადააქცია რუსული მოდელის „ქურდულ ოცნებად”, სადაც ხელისუფლება საკუთარ ძალაუფლებას ინარჩუნებს სწორედ კრიმინალური გავლენების მეშვეობით.

უსაფრთხოება არ არის ფუფუნება, უსაფრთხოება არ არის პრივილეგია. უსაფრთხოება სახელმწიფოს პირველადი და ძირითადი ვალდებულებაა და როდესაც ის ამ ვალდებულებას ვერ ასრულებს, მაშინ მან პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს.

„ქართულმა ოცნებამ“ ამ ქვეყანაში შექმნა მოძალადე სისტემა და სანამ ეს სისტემა არ დაინგრევა, ჩვენი ქვეყანა კვლავაც გააგრძელებს ცხოვრებას ტრაგედიიდან ტრაგედიამდე”, - განაცხადა სიორიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება