სუს-მა თბილისში დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიება ბრალდებულს სხვისი კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად გასხვისებას ედავება.

უწყების ცნობით, აღნიშნული ქონება რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების არის და ბრალდებული მის გასხვისებას უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის გამოყენებით ცდილობდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ცდილობდა თაღლითურად გაესხვისებინა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონება - კერძოდ, წყნეთში მდებარე 18 000-ზე მეტი კვადრატული ფართობის მიწის ნაკვეთი.

ბრალდებული აღნიშნული ქონების გასხვისებას, უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, მიმდინარე წლის 24 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ცდილობდა. მიწის შეძენის მსურველთან წინასწარი შეთანხმებით, სხვის კუთვნილ უძრავ ქონებას ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად - 1 200 000 აშშ დოლარად ასხვისებდა, რა დროსაც ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-იდან 9 წლამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება