ევროკომისიის პრესსპიკერი ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების პაკეტში შეტანაზე - მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ქარხნის მფლობელებთან - დავუშვით 6-თვიანი გადავადება, რათა რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაცია მოახდინონ

სანქციების პაკეტში შევთავაზეთ ყულევის სასანქციო სიაში შეტანა. როგორც იცით, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელებთან, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, რომ რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაცია მოახდინონ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, შივონ მაკგარიმ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული პლატფორმების შეტანასთან დაკავშირებით „ევროსკოპის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გვსურს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს. სწორედ ამიტომ დავუშვით ეს 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს საშუალება მივცეთ, დივერსიფიკაცია მოახდინონ რუსული ნავთობისგან. თუ კომისია შეაფასებს, რომ ეს ვალდებულებები შესრულებულია, მაშინ მათ სიიდან ამოიღებენ. და თუ არა, მაშინ შევთავაზებთ საბჭოს, რომ სიაში დარჩნენ. ეს არის ჩვენი პოზიცია ყულევთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

რაც შეეხება კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, მისი განმარტებით, ამ პაკეტში ჩამოთვლილი ქართული პლატფორმების რაოდენობის შესახებ მონაცემები არ აქვს.

„სულ 14 იყო, რომელთაგან რამდენიმე ქართულია. ამ პაკეტში ჩვენ რეალურად კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით რამდენიმე ზომას ვთავაზობთ. პირველ რიგში, ჩვენ ინდივიდუალურად ჩამოვთვალეთ რამდენიმე პლატფორმა, რომლებიც, ჩვენი აზრით, სისტემატურად გამოიყენება ჩვენი სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რათა რუსეთს საშუალება მიეცეს, ჩვენი სანქციების დარღვევით ფულის გადატანა განახორციელოს. ცხადია, გვინდა, რომ ამგვარ ქცევას ბოლო მოვუღოთ. გარდა ამისა, ასევე ჩავრთეთ ახალი ზომა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მოგვიანებით სიაში შევიყვანოთ ის ქვეყანა, სადაც, ჩვენი შეფასებით, უფრო სისტემურად არის განთავსებული კრიპტოპლატფორმები, რომლებიც გამოიყენება სანქციების გვერდის ასავლელად და ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ქვეყანა შეთავაზებული იყოს ტრანზაქციების შეზღუდვისთვის. მათ, შესაბამისად SWIFT-ის სისტემიდან ამოიღებენ. ეს, ცხადია, საკმაოდ ძლიერი შემაკავებელი ინსტრუმენტი იქნება, რაც სწორედ ის არის, რისი მიღწევაც გვინდა. ჩვენ გვსურს, რომ ქცევა შეიცვალოს. ეს მექანიზმი ჯერ არ აგვიმოქმედებია რომელიმე კონკრეტული მესამე ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა ის ჩვენს პაკეტში შევიტანეთ და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, გავააქტიუროთ იგი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვუმიზნებთ არცერთ კონკრეტულ ქვეყანას, მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით სანქციების ყველა პაკეტში და თითოეულ პაკეტში ვაძლიერებდით ზომებს ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება