ვერაზე მკვლელობისა და დაჭრისთვის დაკავებულის ადვოკატი - დუმილის უფლებას იყენებს, ვერ ვიტყოდი, რომ ბრალად შერაცხული ქმედებები სრულად გაცნობიერებული ჰქონდეს - იარაღის შეძენა-შენახვის უფლება ჰქონდა, ტარების როგორც ჩანს, არა

ჩემი გადმოსახედიდან ვერ ვიტყოდი, რომ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები სრულად გაცნობიერებული ჰქონდეს, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო. ამასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა, -ამის შესახებ ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის ადვოკატმა ირაკლი აბსანძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება ოთხი მუხლით აქვს წარდგენილი.

„ბრალად შერაცხული აქვს მკვლელობის მცდელობა დამაზიანებელ გარემოებაში სამი პირის მიმართ, ასევე მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ცეცხლსასროლი იარაღის ტარება და პოლიციელის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მცდელობა. ჩემი გადმოსახედიდან ვერ ვიტყოდი, რომ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები სრულად გაცნობიერებული ჰქონდეს მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო. ამასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა.

რა თქვა ბრალთან მიმართებაში, აღიარებს თუ არა დანაშაულს, ამასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს შევიკავებ. რაც არ უნდა დადებითად ვილაპარაკო მასზე ან უარყოფითად , ყველა შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან მის მიმართ გულის წყრომა იქნება“,- განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა დანაშაულს, ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, რის გამოც არ აკონკრეტებს, აღიარებს თუ არა დანაშაულს.

„დუმილის უფლებას იყენებს, რა თქმა უნდა. მე რასაც შევხედე და შევაფასე, მისი ქმედებიდან გამომდინარე ეჭვი მიჩნდება, რომ ის ბრალად შერაცხულ ქმედებებს აცნობიერებდეს“,- აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღს, ირაკლი აბსანძის თქმით, ბრალდებულს იარაღის შეძენა-შენახვის უფლება ჰქონდა, თუმცა, ტარების უფლება არ გააჩნდა, რის გამოც იარაღით გარეთ გადაადგილება ბრალდების ნაწილად იქცა.

„იარაღის შეძენა-შენახვის უფლება ჰქონდა, თუმცა ტარების უფლება, როგორც ჩანს არა. როდესაც იარაღით გარეთ გადაადგილდა, ჩაითვალა როგორც ტარებად“,- აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა იცის ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ, იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის წარდგენილი ბრალის შინაარსიც ცნობილია.

„ახალგაზრდის გარდაცვალება, რა თქმა უნდა, იცის. ბრალი რომ გავაცანით წერია. ბრალი გავაცანით, ვესაუბრეთ და მისთვის ბრალის შინაარსი ცნობილია. შესაბამისად, თუ ბრალის შინაარსი ცნობილია, რასაც შეეხება ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, იცის“,- აცხადებს ადვოკატი.

დაკავების გარემოებებსა და ბრალდებულისთვის თითის ამპუტაციის ფაქტთან დაკავშირებით ირაკლი აბსანძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დეტალურ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან საქმის მასალებს ჯერ სრულად არ გასცნობია.

„თუ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით აქვს ბრალდება წარდგენილი, რაც გულისხმობს იმას, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და მცდელობა ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის, ბრალდებულის პოზიციაა, რომ არ უნდა ამაზე საუბარი. საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობილვარ, როცა სრულფასოვნად გავეცნობი შემეძლება კითხვებზე პასუხი გავცე“,- განაცხადა ადვოკატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება