ონისე ოქრიაშვილის მხარდამჭერები - საგანგაშო საფრთხეს ვგრძნობთ - მივმართავთ "ქართულ ოცნებას", არ გაპატიებთ ტერორს, არ გავჩერდებით და არ გავჩუმდებით

საგანგაშო საფრთხეს ვგრძნობთ, კვირაზე მეტია სამთავრობო მედიები არათუ აქეზებენ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას, არამედ ეს მათი პირდაპირი დაკვეთაა. თუკი ონისეს, ან მის ახლობლებს მომავალშიც რაიმე შეემთხვევათ, პასუხისმგებლობა კვლავ მათზეა, ვინც ამ კამპანიას აგორებს, მოძალადეებს მფარველობს და ამ საქციელს იწონებს, - ამის შესახებ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მეგობრებისა და მხარდამჭერების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადება ონისე ოქრიაშვილის მეგობრებმა საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობასთან წაიკითხეს. ისინი აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ცალმხრივად აშუქებს პროცესს და ეთერს მხოლოდ მოძალადის მფარველებს უთმობს.

„ერთი კვირის წინ, მოქალაქის, ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული გაშავების კამპანია დაიწყო. პრო-სახელისუფლებო მედიებმა - "იმედმა"; POSTV-მ და "რუსთავი 2"-მა - კამპანია კოორდინირებულად ააგორეს. ორი დღის წინ, ონისეს ჯგუფურად ჩაუსაფრდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავდამსხმელს საჯაროდ ექომაგება და თავდებობას სთავაზობს დეპუტატი, დიტო სამხარაძე, რომელიც თავადაც არაერთი ფიზიკური ძალადობის მონაწილეა. დეპუტატი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტს პასუხობს, რომ ზოგჯერ პოლიცია ვერ დაგიცავს. ეს პირდაპირი გზავნილია მოძალადეებისთვის, ეს არის საჯარო წაქეზება, რომ უარესი მოხდეს.

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ეს არის დანაშაული, რომელზე პასუხისმგებლობაც ეკისრება სამთავრობო ტელევიზიებსა და ძალადობის წამქეზებელ პირებს. პროპაგანდისტული მედიები ამ წამსაც აგრძელებენ დამონტაჟებული ვიდეოების გავრცელებას, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი, რომელის შენობასთანაც ახლა ვდგავართ, თავდასხმას მხოლოდ ცალმხრივად აშუქებს, მათ ეთერი სრულად დაუთმეს თავდამსხმელს, მის მეგობრებს, ადვოკატებს, თუ "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებს, თუმცა ონისეს პოზიცია არ გაუშუქებიათ. ტრაგედიებით სავსე ქვეყანაში, ხელისუფლება ერთი მოქალაქის სიძულვილისთვის იცლის, ამჯერად მტრად წარმოაჩენს არა რომელიმე პარტიას, ორგანიზაციას, თუ ჯგუფს, არამედ ერთ მოქალაქეს. ჩვენ საგანგაშო საფრთხეს ვგრძნობთ, კვირაზე მეტია სამთავრობო მედიები არათუ აქეზებენ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას, არამედ ეს მათი პირდაპირი დაკვეთაა. თუკი ონისეს, ან მის ახლობლებს მომავალშიც რაიმე შეემთხვევათ, პასუხისმგებლობა კვლავ მათზეა, ვინც ამ კამპანიას აგორებს, მოძალადეებს მფარველობს და ამ საქციელს იწონებს.

მივმართავთ საზოგადოებას, მედიებს და პოლიტიკურ ფიგურებს - გამოიჩინეთ კეთილგონიერება, ვიღონოთ ყველაფერი, რომ ონისეზე, თუ მის ახლობლებზე სამომავლო ძალადობის შემოქმედები არ გავხდეთ. მივმართავთ პარტია "ქართულ ოცნებას", გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ, არ გაპატიებთ ტერორს, არ გავჩერდებით და არ გავჩუმდებით", - განაცხადა გოტა ჭანტურიამ.

ცნობისთვის, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მწერალ ნოდარ დუმბაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მომხდარ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ამას ვიდეომიმართვით თავად ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას „აშავებენ“, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ეზიზღება.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება