ნიკოლოზ ალავიძე - ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტები არ ენდნენ საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებულ გარკვეულ ვალდებულებას და კავშირზე პირდაპირ კომპანიასთან გავიდნენ - სანქციების პაკეტში მოხვედრა უმძიმესია

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, საქართველოს მეორედ მოხვედრა ევროკავშირის სანქციების პაკეტში მძიმე რეპუტაციული ზიანია.

ასე აფასებს ალავიძე ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციას.

როგორც ალავიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, სანქციების პაკეტში საქართველოზე საუბრის მოცულობა შესაძლოა დიდი არ იყოს, თუმცა თავად ფაქტს სერიოზული მნიშვნელობა აქვს.

„21-ე პაკეტში საქართველოს მოხვედრა და საქართველოზე საუბარი, დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იქნება. ერთი შეხედვით, 10%-ი ბევრი არ არის და თითქოს კარგია, მაგრამ უმძიმესია, რადგან საქართველო უკვე მეორედ ხვდება სასანქციო პაკეტში. სანქციების ისტორია არის ის, რომ რუსეთს ხელი შეეშალოს დააფინანსოს ბარბაროსული ომი და ამბობენ, რომ ვინც ომის წარმოებაში რუსეთს ეხმარება, არის ძალიან ცუდი და რადგან თქვენი მორალის კომპასი გაფუჭებულია, ჩვენ დავაწესებთ შეზღუდვებს.

სანქციების საკითხი ვიღაცებისთვის შესაძლებლობაც კი არის, მაგალითად, ინდოეთის ეკონომიკისთვის, ჩინეთისთვის, პაკისტანისთვის. ბოლო ოთხი წელი მომგებიანი იყო, რადგან რუსულ ნავთობს ძალიან იაფად ყიდულობდნენ.

სანქციების პაკეტში მოხვედრა, არაფერს გვაძლევს, გარდა რეპუტაციული ზიანისა. ომი დამთავრდება, მაგრამ დარჩება ნეგატიური სახელები და ეს ნეგატიური სახელები საქართველოს ნაწილშიც იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

მისივე შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთი გაფრთხილება იმაზე მიუთითებს, რომ კონკრეტულ კომპანიას შესაძლოა საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაზღვევო კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში პრობლემები შეექმნას.

„კიდევ ერთი გაფრთხილება ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ამ კომპანიას პრობლემები შეექმნას საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან. შესაძლებელია, რომ ევროკავშირის შესაბამისმა სამსახურები, რომლებიც, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას, აღარ ენდობიან ხელისუფლებას და პირდაპირ კომპანიასთან სალაპარაკოდ გადავიდნენ. წინა პაკეტის შემუშავების დროს ეს კომპანია მოხვდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან ერთად. მაშინ მთლიანობაში მოხდა განხილვა და გადავადება მოხდა კონკრეტული დათქმებით. დიდი ალბათობით, პირველი პაკეტის დროს, ამ კომპანიასთან საუბარი არ ჰქონდათ. შესაბამისად, სახელმწიფომ აიღო ვალდებულებები. ამიტომ მოიხსნა და „გავძვერით“ აზერბაიჯანის წყალობით. 21-ე პაკეტით დამტკიცდა ის, რომ ევროკავშირის და შესაბამისი ინსტიტუტები არ ენდნენ საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებულ გარკვეულ ვალდებულებას და უშუალოდ კომპანიასთან გავიდნენ პირდაპირ კავშირზე“,- განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება