საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თელავში ყველა იმ ნაგებობას, რომელზეც დასკვნა იარსებებს, რომ საფრთხის შემცვლელია, გამოისყიდიან, ან მესაკუთრეს მონაცვლეობას შესთავაზებენ. აღნიშნულზე სოხაძემ თელავში, სტიქიის ადგილის დათვალიერებისას განაცხადა.
მისი თქმით, ხევის ნაწილი, რაც ქალაქშია, თავიდან ბოლომდე მოწესრიგდება. მინისტრის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები.
„რამდენიმე კვირის წინ, თელავში იყო საკმაოდ ძლიერი სტიქია. ამ ეტაპისთვის დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები და უკვე დავიწყებთ კაპიტალურად აღნიშნული არხის და მათ შორის დამბების კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ კეთილმოწყობა მოხდეს. რამდენიმე ხიდი დაზიანდა. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ თელავისთვის, მათ შორის ვიზუალური თვალსაზრისითაც, შევეცდებით, რომ ამ პროექტმა კიდევ უფრო გაალამაზოს ჩვენი ქალაქი.
დამბების რეაბილიტაცია სრულად განხორციელდება, უკვე მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები. პროექტირებასთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა, სადაც პროექტის დეტალები გავიარეთ და აღნიშნული დამბების სრული რეაბილიტაცია და გაუმჯობესება მოხდება, რადგანაც მომავალში დაზღვეული ვიყოთ ნებისმიერი მსგავსი შემთხვევისგან.
მოდერნიზაციის ფარგლებში მოეწყობა ბეტონის დამცავი კედლები ბეტონის, დამცავი ძირი, ასევე საფეხმავლო ტროტუარები გაკეთდება მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ყველა ის ნაგებობა, რომელზეც შესაბამისი დასკვნა იარსებებს, რომ აღნიშნული ნაგებობა საფრთხის შემცვლელი არის, მოხდება გამოსყიდვა ან მონაცვლეობის შეთავაზება მესაკუთრეებისთვის და თავიდან ბოლომდე მოწესრიგდება ხევის ის ნაწილი რომელიც ქალაქში არის და არა მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული, არამედ მდინარე ალაზნამდე მთლიანად მოხდება აღნიშნული ხევის გაწმენდა და სამუშაოების ჩატარება.
კომერციულ ფართთან დაკავშირებით კი, მესმის მათი წუხილი, თუმცა რამდენადაც არის ჩემთვის ცნობილი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდება მუნიციპალიტეტი და მხოლოდ მას შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება, როცა ეს დასკვნა იარსებებს, დღეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ეს გზა ისევ არის ჩაკეტილი”,- განაცხადა სოხაძემ.
ცნობისთვის, თელავში 12 ივლისს მოსულმა სტიქიამ კავკასიონის, სეხნიაშვილის, ალაზნის და ვარდოშვილის ქუჩებზე არსებული ინფრასტრუქტურის დააზიანა.