რატომ წამოიწია “რუსოფობიის” თემა და ვის აბრალებენ მის “გაღვივებას”
ისევ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - აშშ-სააქართველოს ურთიერთობის გადატვირთვის დაბრკოლებები
რატომ ითხოვს ბაქო სომხეთის ატომური სადგურის დახურვას
* * *
რატომ წამოიწია “რუსოფობიის” თემა და ვის აბრალებენ მის “გაღვივებას”
“პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური და ქვეყნის გარედან მართული პროცესია. მისი შეფასებით, ეს კამპანია მიზნად ისახავს ქართულ და რუსულ საზოგადოებებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას, ეკონომიკური ურთიერთობების დაზიანებასა და ვითარების ესკალაციას. პრემიერი კვლავ ე.წ. დიფ სტეიტს ახსენებს და აცხადებს, რომ სწორედ მის ინტერესებს უკავშირდება “რუსოფობიური კამპანია საქართველოში”. “დიპ-სტეიტის” დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე, როგორც რუსულ ინტერვენციებს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ ობიექტებში, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი სავიზო რეჟიმს ცალმხრივად აუქმებდა”, - განაცხადა კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ წამოიწია “რუსოფობიის” თემა და ვის აბრალებენ მის “გაღვივებას” - “რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია”.
“აშკარაა, რომ „დიპ-სტეიტის" დავალების შესაბამისად, მათი აგენტურის მიერ დღეს საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია, რომელიც ერებს შორის ზიზღის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლით და ვითარების მაქსიმალური ესკალაციით უნდა დასრულდეს. ამიტომ, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმისა და რუსეთის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის მიუხედავად, რაც პოლიტიკური საკითხია და მის მოგვარებაზე პოლიტიკოსები და სახელმწიფო ინსტიტუტები იზრუნებენ, როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რათა ნებსით თუ უნებლიეთ გლობალური ომის პარტიის ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ”, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი პოლიტიკური ამოცანა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციას, არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და ამის წინაპირობა არის დეოკუპაცია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რას ვაკეთებთ ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენმა მტრებმა ვერ მიაღწიონ მიზანს, აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაფრთხილებაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით. საზოგადოება უნდა იყოს სათანადოდ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა სურს ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეს და რატომ არის გაჩაღებული რუსოფობიური კამპანია საქართველოში, რაც აბსოლუტურად ხელოვნურია. რუსოფობია და ზოგადად, ქსენოფობია არის ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა. შესაბამისად, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ხელოვნურია და არის ხელოვნური კოორდინაციის და მართვის შედეგი. ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან ე.წ. “დიპ სტეიტის” საერთო ქოლგის ქვეშ“, - განაცხადა კობახიძემ. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ საქართველოსი “დიპ სტეიტისგან” მართული ძალები რუსოფობიას ხელოვნურად აღვივებენ. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ “ოცნება” რუსოფობიის თემას შეგნებულად წევს და ქვეყანაში მიუხედავად რუსული ოკუპაციისა, არავითარი განსაკუთრებული რუსოფობია არაა.
“საქართველოში ეს ხელოვნურად ხდება და ამას აკეთებენ ის ძალები, რომლებიც დღეს იმ ძალას ემორჩილებიან, რომელსაც ავადსახსენებელი “დიპ სტეიტი” ჰქვია. “დიპ სტეიტის” უმთავრესი ამოცანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში შუღლის ჩამოგდება სხვადასხვა ეთნიკურ ერთეულებს შორის და ამის არაერთი მაგალითი ყოფილა. სწორად მიმაჩნია პრემიერის ეს განცხადება, რომ რუსოფობიას ჰყავს თავისი ორგანიზატორები საქართველოში და ისინი ყოველი ღონით ცდილობენ იმას, რომ მოხდეს საქართველოში რუსთა სიძულვილის კიდევ უფრო მეტად გაღვივება, რაც მათ ხელ-ფეხს გაუხსნის იმ მიზნებისათვის, რომლებიც გააჩნიათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
“შეგნებულად იგონებენ, განცხადება კობახიძემაც და კალაძემაც გააკეთა, ვითომ ტურისტების პრობლემის გადარჩენა უნდათ, მაგრამ ტურისტები მაინც ჩამოდიან. მგონი, კარგი შანსი გაუჩნდა “ოცნებას”, რომ რუსეთის წინაშე თავი მოიწონოს, ქულები დაიწეროს და თქვას, რომ რუსოფობიას ებრძვის. აქ არავითარი განსაკუთრებული რუსოფობია არაა, ათასობით რუსი ცხოვრობს, რუსული ლაპარაკი მესმის და არავითარი პრობლემა არა აქვთ. ზღაპარია, არანაირი რუსოფობია არაა. კახეთში რაც მოხდა, ჯობდა ამ ფორმით არ მომხდარიყო, თუმცა, იმასაც თავისი ახსნა გააჩნია, მაგრამ ეს არის ერთი ეპიზოდი და ამ ერთი ეპიზოდიდან ბუზის გაბერვა სპილომდე, უსინდისო ამბავია. აშკარად ჩანს, რომ ჩაუვარდათ ხელში შანსი, თავი მოაწონონ რუსეთს, რომ “ხომ ხედავთ, როგორ ვებრძვით რუსოფობიას”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“კითხვა მებადება “ქართული ოცნებასთან” და მის მომხრეებთან - რა იგულისხმება ამ “დიპ სტეიტში”? როგორ ახორციელებს “დიპ სტეიტი” რუსოფობიის გაღვივებას საქართველოში? ეს არის ბოდვა! არავითარი მტკიცებულებები არ არის! სხვებს მოუწოდებენ ხოლმე, შიგადაშიგ, მტკიცებულება მოიტანეთო და სადაც კი ახსენებენ სიტყვა “დიპ სტეიტს”, ყველგან უნდა მოვთხოვოთ - მოიტანეთ მტკიცებულებები! პარლამენტი შენია, მთავრობა შენია, პროკურატურა შენია, სასამართლო შენია, ყველაფერი შენია და თავიანთ მოსახლეობას რაღაც ჯანდაბა “დიპ სტეიტით” აშინებენ. ამით ჩანს რა წარმოდგენა აქვთ თავიანთ ამომრჩეველზე, ესე იგი, ჰგონიათ, რომ ამომრჩევლები ყველაფერს იღებენ ისე, როგორც უხსნიან”, - დასძენს ზაქარეიშვილი.
ისევ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - აშშ- სააქართველოს ურთიერთობის გადატვირთვის დაბრკოლებები
“აშშ-საქართველოს ურთიერთობის ე.წ. გადატვირთვის საკითხი ამ დრომდე კვლავ გაურკვეველი რჩება. ქართულმა მხარემ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის მზადყოფნაზე განცხადება არაერთხელ გააკეთა, თუმცა, ბოლო პერიოდში, ეს გზავნილებიც თითქოს შეწყდა, ამერიკული მხარის პოზიცია კი კვლავ კონკრეტულ პირობებსა და მოთხოვნებს უკავშირდება. ვაშინგტონის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ ურთიერთობის გაუმჯობესება ავტომატურ პროცესად არ განიხილება და რიგი პოლიტიკური საკითხების მოგვარებას უკავშირდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლად ემი ვ. დიაზი დაინიშნა. მან ეს პოზიცია 2026 წლის ივლისის ბოლოს დაიკავა და საელჩოს ოფიციალური ინფორმაციით, ის უხელმძღვანელებს დიპლომატიურ მისიას. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ამ თემის მიმართ ინტერესი ბუნებრივია, თუმცა როცა გაჟღერებული წინადადება ჰაერში ეკიდება და შედეგი არ მოსდევს, ეს შიდა სიტუაციაზე უარყოფითად აისახება. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ აშკარად ჩანს, - ე.წ. გადატვირთვა ვერ მოხერხდა, თუნდაც კულუარულ დონეზეც კი.”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ ისევ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - აშშ- სააქართველოს ურთიერთობის გადატვირთვის დაბრკოლებები.
“სრულიად ბუნებრივია ინტერესი მაგ თემის მიმართ და მათ შორის მეც მაინტერესებს. ვვარაუდობ, რომ ამ ტიპის თემებისკენ, ახლა თვითონ ტრამპიც ნაკლებად მოძრაობს. ბოლო ხანებში, კავკასიური თემა მეტ-ნაკლებად ჩრდილში მოექცა. ბევრი სხვა პრობლემები აქვს თვითონ ტრამპს, მოსდის არჩევნები და ამ კუთხით ბევრი რამ აქვს დასალაგებელი. ძალიან ბევრი პროგნოზია იმისა, რომ შეიძლება რესპუბლიკელებმა წააგონ არჩევნები სწორედ ტრამპის პოლიტიკის გამო. ტრამპმა ირანთან პროცესები სწორედ ამ არჩევნების გამო შეაჩერაო და ამიტომ საგარეო ვექტორი დამუხრუჭებულია, რადგან შიდა პროცესები მეტ ყურადღებას ითხოვენ. რაც შეეხება ქართულ მხარეს, როდესაც გაჟღერებული წინადადება ჰაერში ეკიდება და მას შედეგი არ მოსდევს - მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებამ გააჟღერა და შედეგი არ მოჰყვა, ეს უკვე უარყოფითად მოქმედებს თვითონ საქართველოს ხელისუფლების შიდა რეიტინგზე. ზოგადად პოლიტიკური აქტიურობა უშედეგო არ არის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ბევრგან არის, რომ ამერიკა ჯერ მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს და მერე აქცევს იმას ელჩად. არ ვიცით განზრახულია თუ არა, რომ კონკრეტული პიროვნება მერე ელჩის რანგში გადავიდეს, მაგრამ ჯერ მოვალეობის შესრულება და მერე უკვე ოფიციალური დანიშვნა, განპირობებულია სწორედ იმიტომ, რომ ისინჯება ამა თუ იმ თანამდებობაზე რას იზამს ადამიანი და ამავე დროს, როგორი შეფასებები ექნება პიროვნებას უკვე სენატისა და კონგრესის იმ წევრებისგან, რომელზედაც დანიშვნაა დამოკიდებული”, - დაასკვნის საყვარელიძე.
“ვერ მოხერხდა გადატვირთვა დღევანდელი პირობების და ვითარების გათვალისწინებით, ვერც ევროპასთან და ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროს საქართველოს ხელისუფლების მიმართ თავისი მოთხოვნები აქვს, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ფუნდამენტალური ღირებულებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემას. “ოცნებას” არ სურს აიღოს პასუხისმგებლობა დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს წინაშე - თან აცხადებს მზად ვართ სუფთა ფურცლიდან გადავტვირთოთ ურთიერთობაო და თან უფრო ამკაცრებს კანონებს, ეს როგორ შეიძლება, პირიქით მოქმედებენ. ბელარუსიც კი წავიდა რაღაც დათმობებზე და საქართველო არ მიდის. დღეს არ აწყობთ უკვე ისაუბრონ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. აკრიტიკებენ დასავლეთს და არა რუსეთს, თუმცა, “ოცნების” წარმომადგენლები, მათი პროპაგანდისტები, მათთან დაახლოებული პარტიები - “ნეიტრალური საქართველო” იქნება თუ “ხალხის ძალა” ხედავენ, რომ რუსეთი სუსტდება და სულ უფრო მეტად ექცევიან იზოლაციაში”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“რუსეთი სუსტდება და “ქართულ ოცნებასაც” გარკვეული პრობლემები ექმნება, საგარეო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენები ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე აისახება. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯერ არ დაუმტკიცებიათ, რომელიც, რწმუნებათა სიგელს გადასცემს სახელმწიფოს მეთაურს. ეს არის მინიშნება აშშ-ის მხრიდან, რომ ჯერჯერობით, სანამ არ მოხდება სრულყოფილი გადატვირთვა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში, პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, შესაბამისად, ვერ აღდგება სრულყოფილი დიპლომატიური ურთიერთობებიც”, - განმარტავს ჩიტაძე.
რატომ ითხოვს ბაქო სომხეთის ატომური სადგურის დახურვას
“აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთის ენერგიის მთავარი წყარო ამჟამად ატომური ელექტროსადგურია, რომლის მართვაც მათ ხელში არ არის. თანაც მოძველებულია და მთელი რეგიონისთვის საფრთხის წყაროა. ალიევმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სპეციალისტებმა თღIPP პროექტის ფარგლებში უკვე ჩაატარეს ანალიზი სომხეთის ტერიტორიაზე და გამოავლინეს ის ადგილებიც კი, სადაც შესაძლებელია ელექტროგადამცემი ბოძების დამონტაჟება. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და თურქეთს ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გამოუთქვამთ შეშფოთება სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “სადგური მოძველებულია და მთელი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს” - რატომ ითხოვს ბაქო სომხეთის ატომური სადგურის დახურვას.
“ჩვენი სპეციალისტების მიერ სომხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ანალიზის შედეგად, განისაზღვრა ის ადგილებიც კი, სადაც კონკრეტულად უნდა დამონტაჟდეს ელექტროგადამცემი ბოძები. იმედი მაქვს, რომ სომხური მხარეც არ გააჭიანურებს ამ საკითხის გადაწყვეტას. ვინაიდან ეს, პირველ რიგში, შესაძლოა, თავად მათ დასჭირდეთ, რადგან ამჟამად მათი ენერგიის ძირითადი წყარო ატომური ელექტროსადგურია, რომლის მართვაც მათ ხელში არ არის - ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, ეს სადგური მოძველებულია და მთელი რეგიონისთვის საფრთხის წყაროს წარმოადგენს. ამ სადგურის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელება უსასრულოდ ვერ მოხდება - ადრე თუ გვიან ის უნდა დაიხუროს. ბუნებრივია, თუ ის დაიხურება, სომხეთი სრულად აღმოჩნდება ენერგეტიკული კრიზისის წინაშე. ამიტომ, როგორც ამბობენ, დამატებითი ენერგიის წყაროს არსებობა მხოლოდ სასარგებლო შეიძლება იყოს”, - თქვა ალიევმა, რომლის თქმით, აზერბაიჯანსა და თურქეთს ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გამოუთქვამთ შეშფოთება სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოსებისა და ოფიციალური წყაროების ცნობით, სომხეთის ხელისუფლებას ენერგეტიკული კრიზისის თავიდან ასაცილებლად მკაფიოდ გაწერილი, ორეტაპიანი სტრატეგია აქვს: სომხეთმა რუსულ მხარესთან (როსატომთან) ერთად უკვე წამოიწყო რეაქტორის მოდერნიზაციის მორიგი ეტაპი. მიზანია არსებული სადგურის უსაფრთხო ექსპლუატაცია 2036 წლამდე შეინარჩუნონ (მშენებლობისა და ლიცენზიის პირობების მიხედვით, შესაძლოა 2046 წლამდეც კი), რათა ქვეყანას დრო მიეცეს ახალი სიმძლავრეების ასაშენებლად”, - განაგრძობს გამოცემა.
“სომხეთი არ გეგმავს ატომურ ენერგეტიკაზე უარის თქმას და აქტიურად ეძებს პარტნიორებს ახალი რეაქტორისთვის. ამჟამად ერევანი განიხილავს წინადადებებს როგორც რუსეთისგან, ისე აშშ-ისგან, საფრანგეთისგან, სამხრეთ კორეისა და ჩინეთისგან - უპირატესობა ენიჭება შედარებით მცირე მოდულურ რეაქტორებს. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა განახლებადი ენერგიის, მზის და ქარის, განვითარებასა და მეზობელ ირანთან ენერგოგაცვლის გაფართოებაზე. ანალიტიკოსთა უმრავლესობის შეფასებით, სომხეთი უახლოეს მომავალში არ დათანხმდება აზერბაიჯანზე ენერგეტიკულად სრულად დამოკიდებული გახდეს. ერევანში შიშობენ, რომ აზერბაიჯანული დენის იმპორტი ბაქოს ხელში დამატებით პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცევა. ამიტომ, სომხეთის მთავრობა არჩევანს აკეთებს საკუთარი ატომური ენერგეტიკის შენარჩუნებასა და დასავლურ/რუსულ ტექნოლოგიებზე, ვიდრე მეზობლებისგან ენერგიის ყიდვაზე.”, - დასძენს გამოცემა.