რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი, სავარაუდოდ, ისევ გაერთიანდება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მსჯელობა მიმდინარეობს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანების შესახებაც.

“რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებასთან დაკავშირებით პროექტს, ჩვენ ამ სასესიო კვირაში ალბათ არა, მომდევნო სასესიო კვირაში გვექნება მსჯელობა. სახელმწიფო მინისტრის ეს პოზიცია აღარ შეიქმნება. იცით, რომ თავის დროზე დაანონსდა, რომ გაუქმდებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოზიცია. შეიქმნებოდა რეგიონული მიმართულებით. რაც შეეხება გაუქმებას, გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მქონე სახელმწიფო მინისტრის პოსტი, არ შეიქმნება რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის პოსტი. მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, “სწორედ მამუკა მდინარაძის პოლიტიკური გამოცდილებით, პოლიტიკური წონიდან, ცოდნიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული ამ პოზიციის შექმნა, ვინაიდან მან მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლისა, ეს გადაწყვეტილებაა შეიცვალა“.

„მაშინვე ითქვა, რომ ის ამოცანები, რომელიც მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახით დააკისრა პრემიერ-მინისტრმა მამუკა მდინარაძეს, ეს იყო, რა თქმა უნდა, მისი მათ შორის, პირადი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ეს ფუნქცია მან ძალიან კარგად შეასრულა და ეს კოორდინაცია დღეს არის კარგად აწყობილი. სურვილი იყო, რომ რეგიონული მიმართულებითაც იგივე გაკეთებულიყო კოორდინაციის მხრივ. გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკიდან წასულიყო, ეს საჭიროება აღარაა. სწორედ მამუკა მდინარაძის პირადი შესაძლებლობიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული ამ პოზიციის შექმნა.

მთავრობა არის პოლიტიკური გუნდი, პოლიტიკურ გუნდში მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც აქვთ გარკვეული საქმიანობის განხორციელების რესურსი. იმისთვის, რომ სხვადასხვა სამინისტროსა თუ სტრუქტურის კოორდინაცია აწარმოო, ამას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გამოცდილება, რესურსი სჭირდება, რომელიც მამუკა მდინარაძეს ამ მხრივ განსაკუთრებული ჰქონდა. მისი საქმიანობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მიმართულებით ამის ყველაზე კარგი დასტურია. რა თქმა უნდა, თავისთავად სწორედ მამუკა მდინარაძის პოლიტიკური გამოცდილებით, პოლიტიკური წონიდან, ცოდნიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული ამ პოზიციის შექმნა, ვინაიდან მან მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლისა, ეს გადაწყვეტილებაა შეიცვალა. ტექნიკურად მთავრობა გაიწვევს [ამ პროექტს]. როგორც ვიცი, არსებული პროექტი გაიწვია.

რაც შეეხება ახალი სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობას, ინფრასტრუქტურის მინისტრი არის და ამ მხრივ, მგონი, რეზი სოხაძე კარგად ართმევს თავს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა დაანონსდა, რა თანამდებობაც მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, აღნიშნული უწყებები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთიან სამინისტროდ ფუნქციონირებდა, 2025 წლის აპრილში გაიყო, მიმდინარე წლის სექტემბერში კი რეგიონული განვითარების სამინისტროს მთლიანად გაუქმება იყო გადაწყვეტილი.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება