„ოცნება“ არის კორუფციული კრიმინალური რეჟიმი, რომელიც სამთავრობო კაბინეტებს არა ხალხის საჭიროების, არამედ პირადი კეთილდღეობის მიხედვით ანაწილებს,- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.
ლაშა ფარულავას შეფასებით, ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობასა და ძალაუფლებაზე ზრუნავს.
„ეს არის კონკრეტული მაგალითი, როდესაც მამუკა მდინარაძე მათთან ერთად იყო, მას კაბინეტი შეუქმნეს მთავრობაში, რომ საკუთარი კეთილდღეობა მოეწყო ქართველი ხალხის ხარჯზე. ახლა აღარ არის მდინარაძე და აღარ იქნება შესაბამისი სამინისტრო. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ კეთილდღეობაზე, ძალაუფლებასა და შემოსავალზე ზრუნავს და არა ქართველ ხალხზე, ქართველი ხალხის საჭიროებაზე. თუ ვინმე არის მოსაშორებელი ჩვენი ქვეყნიდან, სწორედ „ოცნების“ რეჟიმია“.- განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.
ამასთან, როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, მსჯელობა მიმდინარეობს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანების შესახებაც.