საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, დღეს, ირლანდიაში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე მოლაპარაკებები, ძირითადად, ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული.
განხილვები ასევე შეეხება სხვა მიმდინარე საკითხებსაც, მათ შორის საზღვაო უსაფრთხოებასა და ლიბანს.
„დატვირთული დღე გვაქვს სამი განსახილველი საკითხით. პირველი, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისთვის. მეორე, კოსმოსური სივრცე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში და მესამე, მიმდინარე მოვლენები, საზღვაო უსაფრთხოებასა და ლიბანზე ყურადღების გამახვილებით“, - აღნიშნა კალასმა.
მისი თქმით, ნატო ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედად რჩება.
„მომავალ კვირას შევქმნი მაღალი დონის ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის, ასევე გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ყოფილი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები, რათა ახლებურად შევხედოთ, თუ როგორ ვუპასუხოთ მიმდინარე და მზარდ რეალურ სამხედრო საფრთხეებს. ეს არის ის, რისთვისაც სიჩქარე ნამდვილად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ნატო რჩება ჩვენი ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედად და ამავდროულად, შეერთებული შტატები ასევე მოუწოდებს ევროპელ მოკავშირეებს, აიღონ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავდაცვაზე და არსებობს ბევრი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია სწორი თანმიმდევრობით ინვესტირებისთვის“, - აღნიშნა კალასმა.
მისი თქმით, ევროპამ არ უნდა მოახდინოს აშშ-ის შესაძლებლობების უცვლელად გადმოტანა, რადგან ძირითადად ევროპის ტერიტორიის დაცვაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, მაგრამ უნდა გამოიყენოს აშშ-ის გამოცდილება.
„მაგრამ ასევე, უნდა განვიხილოთ უკრაინის ფართო და ინოვაციური ოპერატიული გამოცდილება. ამიტომ, ამ ჯგუფს ვთხოვდი, დაუპირისპირდეს ტრადიციულ აზროვნებას და მხოლოდ არსებული პრაქტიკის კიდევ უფრო მეტად გამოყენების ფარგლებს გასცდეს. სწორედ ეს არის ამოცანა - განვსაზღვროთ, რა უნდა გააკეთოს ევროპამ სხვაგვარად, რათა მომავალში საკუთარი თავის უკეთ დაცვა შეძლოს“, - აღნიშნა კალასმა.