დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე  ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის, საბა ბოჭორიშვილის ადვოკატი - საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა დაურ ბუავას რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალება გადასცა

საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა [დაურ ბუავას] რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალება გადასცა, - ამის შესახებ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ საბა ბოჭორიშვილის ადვოკატმა გიორგი მეგრელიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, საბა ბოჭორიშვილს სახლში მცირე ოდენობით მარიხუანა, საკუთარი მოხმარების მიზნით ჰქონდა.

"საქართველოს პროკურატურამ საჯაროდ განაცხადა და დღესაც არაერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ თურმე, ორივე ბრალდებულმა გადასცა გარდაცვლილს ნარკოტიკული საშუალება, რომლითაც სავარაუდოდ, ის გარდაიცვალა. თუმცა, საზოგადოებას მინდა, მივაწოდო ინფორმაცია, საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალება გადასცა, უბრალოდ, ის გარდაცვლილს იცნობდა, სწორედ ამიტომ მოხდა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ერთადერთი რაც საგამოძიებო ორგანომ აღმოაჩინა, მის საცხოვრებელ სახლში ძალიან მცირე ოდენობით, 0.24 გრ გამომშრალი მარიხუანა იყო, რომელსაც მას პირადი მოხმარების მიზნით ჰქონდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით აქვს მას ბრალი წაყენებული”, -განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ „პროკურორმა რაც განაცხადა, ის არაფერი დადასტურებული არ არის”.

კითხვაზე, თუ რატომ არ შეატყობინა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაურ ბიავას, ან მასთან ერთად მყოფ ქალს, რომ ის ცუდად გახდა, ადვოკატი კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

"პროკურორმა რა განაცხადა, დადასტურებული არაა. შესაბამისად, ამ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

გამოძიების თანახმად, დაურ ბუავამ და ბრალდებულმა ვალერია კირილიუკმა სწორედ გივი გუდაძის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება, "მეთადონი" მოიხმარეს. მისი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 6,27 გრამი "მეთადონი" ამოიღეს, რაც ბრალდებულს რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 9 პაკეტად ჰქონდა დაფასოებული.

რაც შეეხება საბა ბოჭორიშვილს, მან უკანონოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ გამომშრალ მარიხუანას.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან გივი გუდაძეს - ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე სეკუნდა მუხლის მეშვიდე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საბა ბოჭორიშვილს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა. აღნიშნული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება