გიორგი ბურჯანაძე სტრასბურგის სასამართლოში ქართველი მოსამართლის შესარჩევ კონკურსზე - მეოთხედ გაგრძელდა კონკურსი, ამჯერად წლის ბოლომდე - ახალი მოსამართლის შერჩევა იდეალურ სცენარში 2027 წლის აპრილამდე გამოირიცხება

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილისა და "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" სამართლებრივი მრჩევლის, გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ვადა კვლავ გახანგრძლივდა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში ერთეული განაცხადების შესვლა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული პროცესებისადმი უნდობლობას უკავშირდება.

ბურჯანაძის შეფასებით, კომისიის შემადგენლობის გამო, კონკურსის ვადა წლის ბოლომდე მეოთხედ გაგრძელდა, ახალი მოსამართლის შერჩევა კი, სტრასბურგის მკაცრი კონტროლის ფონზე, 2027 წლის აპრილამდე გამოირიცხება.

„ევროსასამართლოს შესარჩევი კონკურსია გამოცხადებული 9 თვეზე მეტია და ერთეული განაცხადები შევიდა, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ არავინ ენდობა „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კონკურსებს.

კომისიის 13 წევრიდან 4 “ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირია. 3 სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი (ამ უნივერსიტეტებზე სრული კონტროლი აქვს „ქართულ ოცნებას“ თებერვლის ცვლილებებით). ასევე დიმიტრი გვრიტიშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს სანქცირებული მოსამართლე როინიშვილი. 13-დან 12 კაცია.

დღეს მეოთხედ გაგრძელდა კონკურსი ამჯერად წლის ბოლომდე. „ქართულმა ოცნებამ“ იცის რომ ეს კონკურსი ისე ვერ ჩაივლის, როგორც მისი ჩატარებული სხვა კონკურსები, რადგან სტრასბურგში სამი დონის კონტროლს გადის ეს პროცედურა.

საიას ჰქონდა კარგი ანგარიში დღეს, სადაც დეტალურად არის გაანალიზებული ეს საკითხი (კომენტარებში დავურთავ).

ლადო ჭანტურიას ვადა იანვრის დასაწყისში ეწურება, მაგრამ მას ვადა გაუგრძელდება, რადგან ახალი მოსამართლის შერჩევა იდეალურ სცენარში 2027 წლის აპრილამდე გამოირიცხება”, - წერს ბურჯანაძე.

მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ბოლო ვადად 2026 წლის 31 დეკემბერია მითითებული. ვაკანსია სამ კანდიდატზე არის გამოცხადებული. როგორც ვებგვერდზე ვკითხულობთ, საქართველოს მხრიდან წარდგენილი სამი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მოსამართლე აირჩევა მაქსიმუმ 9 წლის ვადით.

კონკურსის პირობების თანხმად, კანდიდატი უნდა იყოს პროფესიით იურისტი და ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი, ხოლო სამუშაო გამოცდილება 10 წელი.

რაც შეეხება დამატებით მოთხოვნებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევ მოსამართლეობის კანდიდატად შეიძლება შერჩეულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

კანდიდატი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის წარდგენის მომენტისათვის უნდა იყოს 65 წლამდე ასაკის; სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; კარგად (არანაკლებ B2 დონეზე) ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისურს ან ფრანგულს) უნდა ფლობდეს; ასევე, აღინიშნება, რომ ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის ფლობა კანდიდატის უპირატესობად ჩაითვლება; უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხით; ასევე, მოთხოვნილია, ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება; სრულყოფილად ფლობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და შესაბამის პრეცედენტულ სამართალს; სრულყოფილად უნდა ფლობდეს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას; აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან იყოს აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად არჩევის ექსპერტ მრჩეველთა პანელის (The Advisory Panel of Experts on Candidates for Election as Judge to the European Court of Human Rights) სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით. უნდა ჰქონდეს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება