გერმანიის პოლიცია კიოლნთან მდებარე ელექტროქვესადგურზე შესაძლო დივერსიის აქტს იძიებს, - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
Tagesschau-ის ინფორმაციით, საეჭვო ინციდენტი გასულ ღამეს, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარის ქალაქ ბერგჰაიმში მდებარე Amprion-ის ელექტროქვესადგურზე მოხდა.
თავდაპირველად პოლიცია ელექტროქვესადგურზე ტექნიკური გაუმართაობის გამო გამოიძახეს. კერძოდ, მოკლე ჩართვის შემდეგ ელექტროგადამცემი ხაზები მწყობრიდან გამოვიდა.
პოლიციაში განაცხადეს, რომ ტექნიკური გაუმართაობა, სავარაუდოდ, განზრახ იყო გამოწვეული.
„გამოძიების ამ ეტაპზე, მივიჩნევთ, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა და განზრახ ჩადენილი ქმედება იყო“, - აღნიშნა პოლიციის პრესსპიკერმა.
კომპანია Amprion-ის განცხადებით, მომხდარის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება არ შეფერხებულა.