ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით, მოლოდინი აქვთ, რომ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში დადგინდება საქმის ყველა გარემოება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით, ასოციაციას მოლოდინი აქვს, რომ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში დადგინდება საქმის ყველა გარემოება და საკითხს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლისა და მის მიმართ შესაძლო ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა საჭიროებს დაუყოვნებლივ, სრულყოფილ და ობიექტურ სამართლებრივ შეფასებას.

„ადვოკატ ია სირანაშვილის მხრიდან მის მიმართ ძალადობისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტის შესახებ საჯარო განცხადების გაკეთებისთანავე საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მყისიერად ჩაერთო მოვლენების განვითარების პროცესში, კერძოდ: ასოციაციის თავმჯდომარემ, ადვოკატის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებთან ერთად, დაუყოვნებლივ დაიწყო ფაქტის მონიტორინგი და საქმის გარემოებების შესწავლა. ასოციაციის თავმჯდომარე და კომიტეტის წარმომადგენლები, კოლეგა ადვოკატებთან ერთად, გვიან ღამით, ასევე იმყოფებოდნენ კლინიკა „ვივა მედში“, სადაც ადვოკატს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებოდა და პირადად გაეცნენ შექმნილ ვითარებას, ისევე როგორც გაესაუბრნენ მკურნალ ექიმს;

ასოციაციის თავმჯდომარემ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მყისიერად და საჯაროდ მოუწოდა დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ და ფაქტზე ობიექტური გამოძიების დაწყებისკენ.

დღეს დილით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ უკვე ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს პროკურატურას აღნიშნული მოთხოვნით.

უკვე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნული პროცესის მონიტორინგში ადვოკატთა ასოციაცია უშალოდ იქნება ჩართული, ხოლო ადვოკატის უფლებების დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი პირი დაიცავს კოლეგის ინტერესებს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს საქმის მიმდინარეობის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაბამის სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლისა და მის მიმართ შესაძლო ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა საჭიროებს დაუყოვნებლივ, სრულყოფილ და ობიექტურ სამართლებრივ შეფასებას. მოლოდინი გვაქვს გამოძიების ფარგლებში დადგინდება საქმის ყველა გარემოება და აღნიშნულ საკითხს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის და იქნება იქ, სადაც ადვოკატთა პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვა მოითხოვს მის ჩართულობას“- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს მას შემდეგ, რაც მისი ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა. თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა, ია სირანაშვილმა განაცხადა, რომ ის სამართალდამცველებმა ჩხრეკის ოპერაციის დროს ბინიდან გამოაგდეს და წიხლები ურტყეს.

შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია