ჩვენი გუნდის ყოფილი ერთ-ერთი ლიდერის ასეთ დონეზე დაცემა ძალიან სამწუხაროა - რომ არ გვცოდნოდა რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო, ისეთი დაბალი დონის საქციელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილის სახით „მორიგი ბოდვა ვიხილეთ“ და „ამ ზღაპრების არავის სჯერა“.
„ძალიან სამწუხაროა ყოფილი პრემიერისგან სამართლებრივი საკითხის პოლიტიზება. პირდაპირ ეთერში ხედავდით კადრებს, რომ მისი სახლიდან რამდენიმე მილიონი და ოქროს ზოდები ამოიღეს. ეს ყველაფერი აღიარებული აქვს და შემდეგ გაუგებარ წერილებში ამბობს, რომ თურმე არაფერში დამნაშავე არ ყოფილა. სამწუხაროდ, გუშინაც მორიგი ბოდვა ვიხილეთ. ამ ზღაპრების, რა თქმა უნდა, არავის სჯერა. ძალიან სამწუხაროა, ჩვენი გუნდის ყოფილი ერთ-ერთი ლიდერის ასეთ დონეზე დაცემა. რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო, ისეთი დაბალი დონის საქციელია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსენებს ყოფილ თანაგუნდელებს - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ მისი მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მისივე თქმით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა, ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.
ექსპრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძემ „ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა".
„თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.
ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ წერილში სვამს კითხვას, "რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?" და ამბობს, რომ საზოგადოებაში "დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს".