ზღვა თუ მთა? - სად გირჩევნია დასვენება

ზაფხულის შვებულების დაგეგმვისას არჩევანი ხშირად ორ სრულიად განსხვავებულ სცენარს შორის გვიწევს - რამდენიმე მშვიდი დღე სანაპიროზე, ან ბუნებაში. ორივე ვარიანტი შესანიშნავი შვებულება შეიძლება გამოვიდეს, მთავარია, რა გსურს, შენ.

თუ დასვენება და განტვირთვა გჭირდება, ზღვა საუკეთესო საშუალებაა, რომ ყოველდღიურობას მოსწყდე, სანაპიროზე წამოწოლილმა მზის აბაზანები მიიღო და წყალში გაგრილდე. თან ბევრი საზრუნავიც არ გექნება. მხოლოდ სასტუმროს დაჯავშნა მოგიწევს.

მეორე მხრივ, თუ ზაფხულის სიცხეს გინდა გაექცე, მთაში წასვლა და ბუნებაში გატარებული დღეები არანაკლებ მიმზიდველი ალტერნატივაა. შეგიძლია, ლაშქრობა, ახალი ადგილების აღმოჩენა, ან უბრალოდ სუფთა ჰაერზე ჰამაკში წამოწოლა, წიგნის კითხვა და საკუთარ თავთან ჩაღრმავება.

როგორ გსურს დაისვენო

გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდი, რამდენად გადაღლილი ხარ. თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად მოძრაობაში ხარ, ერთბაშად ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევს, განტვირთვისთვის, შესაძლოა, ზღვაზე დასვენება ჯობდეს. თუ დიდ დროს ოფისში ატარებ, მაშინ ბუნებასთან კავშირის აღდგენა, სუფთა ჰაერი და აქტიური რეჟიმი გამოგაცოცხლებს, ამიტომ, ალბათ მთაში დასვენება გირჩევნია.

ასევე გაითვალისწინე, რომ ზღვაზე დასვენებისას ყოველდღიურობა უფრო სპონტანურია და ამით არც არაფერი შავდება, მაგრამ მთაში მარშრუტი წინასწარ უნდა დაგეგმო, ამინდი, მანძილი და სიმაღლის სხვაობა წინასწარ შეამოწმო.

როგორი ტემპერატურაა შენთვის ოპტიმალური

თუ მაღალი ტემპერატურა ენერგიას გართმევს, ზღვისპირა მოგზაურობა ივლისსა და აგვისტოში შეიძლება იმაზე დამღლელი აღმოჩნდეს, ვიდრე ელოდი. ასეთ შემთხვევაში ალპური კლიმატი უკეთესი ალტერნატივაა.

მთაში სხვა სირთულეებია. ამინდი სწრაფად იცვლება, საღამოები გრილია და მზიან დღესაც შეიძლება წვიმა ან ქარი მოჰყვეს. ამიტომ დაგჭირდება ფენებად ჩასაცმელი ტანსაცმელი, მოსახერხებელი ფეხსაცმელი და ცუდი ამინდისთვის სათადარიგო გეგმა.

სად არის საქართველოდან გამგზავრება უფრო მარტივი

2026 წლის ზაფხულის მდგომარეობით, თბილისის აეროპორტის მარშრუტების რუკაზე საზღვაო დასვენებისთვის პირდაპირი რეისებია ანტალიის, ლარნაკის, ათენისა და სალონიკის მიმართულებით. მთიანი ლოკაციებისთვის შეგიძლია ვენაში, მიუნხენში, მილანში, ჟენევაში ან ციურიხში ჩაფრინდე. აქედან მთიან კურორტამდე დამატებით მატარებელი, ავტობუსი ან ავტომობილი დაგჭირდება.

თურქეთი ქართველი მოგზაურებისთვის განსაკუთრებით პოპულარული არჩევანია. 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოდან განხორციელებული გასვლითი ვიზიტების 34.3% სწორედ თურქეთზე მოდიოდა. ეს ამტკიცებს, რამდენად ნაცნობი და ხელმისაწვდომია ეს მიმართულება ქართველი მგზავრებისთვის.

რომელი მიმართულებაც არ უნდა აირჩიო, უწყვეტი და სტაბილური როუმინგ ინტერნეტი ორივე შემთხვევაში თანაბრად მნიშვნელოვანია. ზღვისპირეთში დასვენებისას ინტერნეტი გჭირდება საუკეთესო ლოკაციებისა და რესტორნების შესარჩევად, მეგობრებთან კოორდინაციისთვის და ემოციების გასაზიარებლად. მთაში კი კავშირი პირველ რიგში უსაფრთხოების გარანტიაა - GPS ნავიგაცია, ამინდის ცვლილების კონტროლი და მარშრუტზე ორიენტირება გამართული ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია.

თუ ზღვას ირჩევ

ანტალია საუკეთესოა მათთვის, ვისაც სასტუმრო, აუზი, კვება და სანაპირო ერთ სივრცეში სურს. ეს განსაკუთრებით კომფორტულია პატარა ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას ან მაშინ, როცა ხარჯების წინასწარ განსაზღვრა გინდა.

ლარნაკა უფრო დამოუკიდებელ დასვენებას გთავაზობს. შეგიძლია ქალაქში იცხოვრო, სანაპიროებზე ისეირნო და დღეები თავად დაგეგმო.

სალონიკი და ჰალკიდიკი კარგი კომბინაციაა მათთვის, ვისაც ქალაქის ხმაურიანი ცხოვრება, აქტიური გართობა სურს, და ამავდროულად ზღვის ნაპირას უნდა დროის გატარება. ამ შემთხვევაში, სალონიკიდან კურორტამდე ტრანსფერი წინასწარ უნდა მოაგვარო.

თუ მთას ირჩევ

თუ მოწესრიგებული ბილიკები, ტბები და პატარა ქალაქები გიზიდავს, ავსტრიის ალპებს შეგიძლია ესტუმრო. ვენა მხოლოდ საწყისი პუნქტია, ამიტომ საბოლოო კურორტამდე მგზავრობა მოგიწევს. ავსტრია ზაფხულში მრავალფეროვან საფეხმავლო ბილიკებს, ველომარშრუტებს სთავაზობს დამსვენებლებს.

იტალიის დოლომიტები კარგი არჩევანია პანორამული ხედებისა და სხვადასხვა სირთულის ბილიკებისთვის. რეგიონში შესაძლებელია როგორც გასეირნება, ისე გამოცდილი მოლაშქრეებისთვის განკუთვნილი მაღალმთიანი მარშრუტების გავლა.

თუ ლაშქრობა, ბუნებაში დასვენება გიყვარს, ასევე განიხილე ბავარიის ალპები. მანამდე მიუნხენიც შეგიძლია დაათვალიერო. ბავარიაში მთები, ტბები, პატარა ისტორიულ ქალაქები დაგხვდება და აქტიური დასვენების შესაძლებლობებიც ბევრია.

ვისთან ერთად მიდიხარ

პატარა ბავშვებთან ერთად ზღვა, როგორც წესი, უფრო მარტივი ლოკაციაა, თუ სანაპირო საცხოვრებელთან ახლოსაა. წყვილებს ორივე ვარიანტი ერგება - ზღვა მშვიდი დღეებისთვის, მთა კი ერთობლივი აქტივობებისა და ბუნებაში დროის გასატარებლად.

თუ მეგობრებთან ერთად მთაში წახვალ, წინასწარ შეათანხმეთ ფიზიკური დატვირთვა. განსხვავებული მომზადების მქონე ადამიანებისთვის რთული ბილიკი შეიძლება დასვენების ნაცვლად დაძაბულობის მიზეზი გახდეს.

შეჯამება - რომელი აირჩიო?

ზღვაზე და მთაში დასვენება სრულიად განსხვავებული გამოცდილებისა და ენერგიის მომტანია. საბოლოო არჩევანი შენს ფიზიკურ მდგომარეობაზე, ტემპერატურისადმი მგრძნობელობასა და დასვენების სტილზეა დამოკიდებული:

აირჩიე ზღვა, თუ:

  • მენტალურად გადაღლილი ხარ და მაქსიმალური რელაქსაცია გსურს.
  • მოგზაურობ პატარა ბავშვებთან ერთად და გირჩევნია ყველაფერი ერთ სივრცეში გქონდეს.
  • გიყვარს სითბო, მზის აბაზანები, წყალში გაგრილება და სპონტანური დღის განრიგი.

აირჩიე მთა, თუ:

  • გსურს ზაფხულის ცხელ დღეებს გაექცე, ისუნთქო სუფთა ჰაერი და აღიდგინო ბუნებასთან კავშირი.
  • თავისუფლებას პოულობ აქტიურ მოძრაობაში, ლაშქრობაში, ველომარშრუტებსა და ახალი სივრცეების აღმოჩენაში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია