შემიძლია დავადასტურო, რომ უკრაინისგან გადახდის ახალი მოთხოვნა მივიღეთ. ეს თანხა რამდენიმე მილიარდ ევროს შეადგენს და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის, მათ შორის მაღალტექნოლოგიური Patriot PAC-3 სისტემების, საჭიროებებს უნდა ფარავდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„წევრი სახელმწიფოები ამჟამად უკრაინის მოთხოვნას განიხილავენ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ განხილვა სწორი მიმართულებით მიდის. ამავდროულად, ჩვენ, ევროპაში, უკრაინასთან ერთად ვმუშაობთ FREYA-ზე. ეს არის ევროპული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საკუთარი ანტიბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნას“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ემატება უკრაინისთვის გამოყოფილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების სესხს.
„ივნისიდან მოყოლებული, ჩვენ უკრაინისთვის დრონებისა და რაკეტებისთვის 8.5 მილიარდი ევრო გავეცით. ამ თანხით ასევე ევროპული ინდუსტრიისგან მოიერიშე თვითმფრინავების შეძენა იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირი ამ ყველაფერს ნატო-სთან ერთად აკეთებს.
„ამას დღეს ვაკეთებთ იმის საჩვენებლად, რომ ევროპა ერთიანია და რომ ევროპამ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება კიდევ უფრო მალე უნდა მოახდინოს. საჰაერო თავდაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება უფრო სწრაფი და უფრო ინტეგრირებული განგაშის სისტემა მთელ ევროპაში. შემდეგ კი საფრთხეების უფრო სწრაფად აღკვეთა უნდა შევძლოთ. სწორედ ამიტომ წარვადგინეთ 800 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის ინვესტიციების გეგმა. მათ შორის 150 მილიარდი ევრო SAFE-ის მეშვეობით, რათა მეტი ინვესტიცია განვახორციელოთ, მაგრამ ერთად და შესაბამისად, უფრო გონივრულად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.