პროკურატურამ გადადგა აბსოლუტურად სწორი სამართლებრივი ნაბიჯი - მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ეს არის მორიგი ჭორაობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დისკრედიტაციის მიზნით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. აღნიშნული განცხადებით, ის პროკურატურის მიერ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე რამდენიმე პირის გამოკითხვას გამოეხმაურა.
შარმანაშვილის თქმით, დაბარებული ხალხის გამოკითხვის შემდეგ ნათელი გახდება, მათი განცხადებები არის ჭორის გავრცელება, თუ მათ რაიმე ხელშესახები ჰქონდათ, როდესაც ამ თემაზე ლაპარაკობდნენ.
„პროკურატურამ გადადგა აბსოლუტურად სწორი სამართლებრივი ნაბიჯი. ახლა გამოიკითხება ეს ხალხი და ყველანი ნათლად დავინახავთ ეს არის ჭორის გავრცელება, თუ მათ რაიმე ხელშესახები ჰქონდათ, როდესაც ამ თემაზე ლაპარაკობდნენ.
მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ეს არის მორიგი ჭორაობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დისკრედიტაციის მიზნით. თუ ვცდები, ეს გამოკითხვა გვაჩვენებს და ვნახავთ კიდევ ერთხელ, რა ხალხთან გვაქვს საქმე. საერთაშორისო მასშტაბით იმას, ვინც ჭორებზე აგებს ინფორმაციას, „ყვითელ პრესას“ ეძახიან. რა დავარქვათ ასეთი ტიპის პოლიტიკოსებს? ალბათ „ყვითელი პოლიტიკოსები“, რომლებიც თავის მოსაზრებებს ჭორებზე აგებენ.
მიზანი არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დისკრედიტაცია. მათ ხომ ყველაფერი უნდა გააშავონ და თქვან, რომ ამ ქვეყანაში კარგი არაფერი ხდება, სულ შეთქმულებებია, ვინმეს მოკვლას ან უკანონო ქმედებებს და ჩაგვრას უპირებს. ამით ცოცხლობენ და საზრდოობენ - ჭორებით, ტყუილებით და ასეთი ნარატივებით.
თორემ, რაც ხელშესახებია და სადაც დანაშაული გვაქვს, იქ ხელისუფლებისთვის მათი დახმარება არ გვჭირდება. მიუხედავად თანამდებობის პირებისა, მოქმედი იყო თუ არა, დაგვაზარალებს პოლიტიკურად თუ არა, განსაკუთრებულ ზომებს ვიღებთ. ძალიან კარგად ვიცოდით, როდესაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ვიწყებდით, რომ პოლიტიკურად ეს ლამაზად არ გამოიყურება ხელისუფლებისთვის, როდესაც შენი ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლების წევრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში აძლევ. ჩვენი განსხვავება ის არის, რომ უკან არასდროს დავიხევთ, როდესაც სამართლებრივი საფუძველი იარსებებს“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ხედავს თუა რა ის კოორდინირებულ მოქმედებას ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციას შორის, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ მისი აზრით, არის კოორდინირებული და მოწოდებული გარკვეული წრეებიდან, რომ ერთი მიმართულებით იმოძრაონ.
„ღარიბაშვილის მოქმედებაზე ერთ-ერთმა NGO-ს ხელმძღვანელმა, ლომჯარიამ მაშინ განაცხადა, ასეთ მოქმედებას და ამ სირცხვილს ურჩევნია ბომბების წვიმა ცვიოდეს თბილისზე და საქართველოზეო. ეს ადამიანი, რომელსაც ასეთი შეხედულება ჰქონდა ღარიბაშვილზე, ახლა მხარს უჭერს და იგივე ნარატივებს იმეორებს, რასაც ღარიბაშვილი საუბრობს. შემთხვევითია ეს? გულუბრყვილო არ ვარ და არ მგონია, რომ შემთხვევითია. მგონია, რომ არის კოორდინირებული და მოწოდებული გარკვეული წრეებიდან, რომ ამ მიმართულებით იმოძრაონ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
მას შემდეგ, რაც შარმანაშვილს ჟურნალისტმა მის მიერ ნათქვამი „კოორდინირებლი და მოწოდებული წრეების“ დაკონკრეტება სთხოვა, შარმანაშვილმა განუმარტა, რომ მსგავს წრეებს „დიფ სთეითსაც“ ეძახიან.
კითხვაზე, არის თუ არა ღარიბაშვილი „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი, შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ მათ ღარიბაშვილზე ზემოქმედება გამოუვიდათ.
„ნებისმიერი ადამიანი, რომელზეც ზემოქმედების შესაძლებლობა აქვს ამ „დიფ სთეითს“ - შეიძლება შარშან არ ჰქონდა და წელს მიეცა, ხვალ შეიძლება ჩემზე მიეცეს - ის ამ მცდელობას გააკეთებს. რა გამოუვა აქედან და ვისზე გამოუვა, ეს მეორე საკითხია. ვიღაცებზე, სამწუხაროდ, გამოუვიდათ. [ღარიბაშვილზე] გამოუვიდათ! თქვენ ეს საბავშვო ბაღის ბავშვების გაერთიანება ხომ არ გგონიათ? ეს არის ძალა, რომელსაც აქვს უზარმაზარი ფინანსური და პოლიტიკური შესაძლებლობები. ისინი მართავენ ევრობიუროკრატიას, თავის ჭკუაზე აცეკვებენ მას და ბევრი ქვეყნის მთავრობას. მაშინ შეიძლება არ მართავდა [პრემიერობის დროს]. შეიძლება მართავდა კიდეც, მაგრამ რისი მტკიცებულებაც არ მაქვს, იმას ვერ ვიტყვი.
ახლა ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს კოორდინირებული არ არის იქიდან, როცა გვარამია, ლომჯარია და ღარიბაშვილი ერთი და იგივე ნარატივს, მძიმესაც რომ არ გადაანაცვლებენ, ისე საუბრობენ. ეს თუ შემთხვევით ხდება, ვისაც სურს, მასე ეგონოს. მე არ ვარ გულუბრყვილო“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
კითხვაზე, ღარიბაშვილი და მისი ოჯახი როცა აცხადებს, რომ ახლა მისი „გაშავება“ მიმდინარეობს და კორუფციაზე საუბარი აბსურდია, რის გადაზღვევას ცდილობენ ამ განცხადებებით, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ „სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი ხელმეორედ გადაიკითხოს მისმა ოჯახმა და მერე თუ ამას გაიმეორებენ, მაშინ სინდისი არ ყოფილა ამ ქვეყანაზე.“
„საქართველოს ისტორიაშიც და მსოფლიო ისტორიაშიც ცნობილია ფაქტები, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავიდა ხალხი, რომელსაც მანამდე უზარმაზარი საქმეები ჰქონდა გაკეთებული თავისი სამშობლოსათვის. ამიტომ ის, რომ ოდესღაც სამშობლოს კეთილსინდისიერად ემსახურე, სამწუხაროდ, არ არის იმის გარანტი, რომ ხვალ შეცდომას არ დაუშვებ.
რაც შეეხება იმას, რომ კრისტალურად სუფთაა ღარიბაშვილი, მოდი რა, მათ სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი ხელმეორედ გადაიკითხოს მისმა ოჯახმა და მერე თუ ამას გაიმეორებენ, მაშინ სინდისი არ ყოფილა ამ ქვეყანაზე.
მიუხედავად ამისა, ოჯახის წევრებზე ვერასდროს გავბრაზდები. არ შეიძლება რაციონალური აზროვნება მოსთხოვო დედას, ძმას ან მეუღლეს. როდესაც ვინმეს უჭირს, ახლო ნათესავების რაციონალურობაზე ლაპარაკი ზედმეტია“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.