ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა საერთაშორისო მობილობის პროცესების მართვის ახალი ციფრული პლატფორმა - btumobility.ge შექმნა, რომელიც სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობებსა და მათთან დაკავშირებულ პროცესებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
პლატფორმის შექმნა BTU-ს ინტერნაციონალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი საშუალებით საერთაშორისო მობილობის სრული ციკლი - შესაძლებლობების გამოცხადებიდან და განაცხადის წარდგენიდან, შეფასებისა და შერჩევის პროცესის გავლით, საბოლოო გადაწყვეტილებამდე - ერთიან ციფრულ ეკოსისტემაში იმართება.
btumobility.ge უნივერსიტეტის ტექნიკური გუნდის მიერ შექმნილი პლატფორმაა და სრულად ინტეგრირდება BTU-ს არსებულ ციფრულ ინფრასტრუქტურასთან. სისტემა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტის აკადემიურ საინფორმაციო სისტემას (BTU Classroom) და ავტომატურად იღებს სტუდენტის დადასტურებულ აკადემიურ მონაცემებს - საშუალო ქულას, GPA-ს, სწავლის საფეხურსა და უცხოური ენის ცოდნის დონეს - რაც გამორიცხავს ხელით შევსებით გამოწვეულ შეცდომებს და სისტემას საშუალებას აძლევს, ავტომატურად შეამოწმოს კანდიდატის შესაბამისობა პროგრამის კრიტერიუმებთან. ამასთან, პლატფორმა აგებულია თანამედროვე ვებ-ტექნოლოგიებზე, სრულად ორენოვანია (ქართული და ინგლისური), ადაპტირებულია ყველა მოწყობილობაზე და აღჭურვილია ხელმისაწვდომობის (accessibility) ინსტრუმენტებით; ატვირთული დოკუმენტები კი დაცულ, კონფიდენციალურ სივრცეში ინახება.
სისტემა ამარტივებს არა მხოლოდ აპლიკანტის გამოცდილებას, არამედ მობილობის ადმინისტრირების პროცესსაც. პლატფორმა აერთიანებს აპლიკაციების მიღებასა და მართვას, შესაბამისობის კრიტერიუმების შემოწმებას, კანდიდატების შეფასებასა და ქულების მინიჭებას, ინტერვიუს ეტაპს, საბოლოო გადაწყვეტილებების მართვასა და აპლიკანტებთან ავტომატიზებულ კომუნიკაციას. შედეგად, პროცესი ხდება უფრო სწრაფი, თანმიმდევრული და გამჭვირვალე როგორც აპლიკანტებისთვის, ისე საერთაშორისო მობილობის ადმინისტრირებაში ჩართული გუნდისთვის.
btumobility.ge-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ პლატფორმა საერთაშორისო მობილობის პროცესის მართვას ორივე მიმართულებით აერთიანებს - საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებს შესაძლებლობა აქვთ, სისტემის საშუალებით განახორციელონ სტუდენტებისა და პერსონალის ნომინაცია, რის შემდეგაც ნომინირებულ კანდიდატებს შეუძლიათ შეავსონ და წარადგინონ შესაბამისი აპლიკაცია BTU-ში მოკლე ან გრძელვადიანი მობილობის განსახორციელებლად.
პლატფორმის შექმნით BTU საერთაშორისო მობილობის მართვის ერთიან ციფრულ მოდელს ნერგავს, რომელიც უნივერსიტეტის საერთაშორისო შესაძლებლობებს, მობილობის პროცესებსა და პარტნიორ ინსტიტუციებთან თანამშრომლობას ერთ სისტემაში აერთიანებს და საერთაშორისო მობილობის მასშტაბის შემდგომი ზრდისა და განვითარებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
(R)