თაზო დათუნაშვილი - პოლიტიკური განცხადებებისთვის პოლიტიკოსების პროკურატურაში დაბარება არის იაფფასიანი მცდელობა, რომ გადაფარონ მთავარი თემა - ლაზარე ჯორბენაძის არსებობა ღარიბაშვილის პოსტიდან შევიტყვე

პოლიტიკური განცხადებებისთვის პოლიტიკოსების პროკურატურაში დაბარება არის სასაცილო და იაფფასიანი მცდელობა, რომ გადაფარონ მთავარი თემა - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მის გამოკითხვაზე დაბარებას.

როგორც მან აღნიშნა, ლაზარე ჯორბენაძის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან შეიტყო.

„აშკარად ძალიან ისტერიული აურზაურია „ქართული ოცნების“ შიგნით და ყველანაირად ცდილობენ, რომ მედიახმაურის აწევით და პროპაგანდისტული იაფფასიანი ხრიკებით გადაფარონ ის უმძიმესი კანიბალიზმი, რომლითაც დაკავებულები არიან საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები ერთმანეთის მიმართ. სასაცილოა ჩემი და სხვა პირების პროკურატურაში დაბარება პოლიტიკური განცხადებისთვის. მე აქამდე მწვავედ ვაფასებდი ღარიბაშვილის უგუნურებას, კორუფციას, ბოროტებასა და ნებისმიერ მის განცხადებას, ვაფასებ დღეს და შევაფასებ მომავალშიც იმავე სიმწვავით. პოლიტიკური განცხადებებისთვის პოლიტიკოსების პროკურატურაში დაბარება არის სასაცილო და იაფფასიანი მცდელობა, რომ გადაფარონ მთავარი თემა.

ვინმე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გამოსაკითხად მიბარებენ - ეს არის ადამიანი, რომლის არსებობაც მე შევიტყვე ღარიბაშვილის პოსტიდან.

იმავეს ვეტყვი, რაც საჯარო განცხადებებზე ვთქვი მაგისტრანტ მოსამართლესთან გამომძიებლებსაც. აგრეთვე გავიმეორებ, რომ ყოველთვის გავაკეთებ ასეთ საკითხებზე პოლიტიკურ განცხადებებს, იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოება ღირსია, რომ სწორად ესმოდეს თუ რა ხდება იმ პოლიტიკურ საღორეში, რომელიც ივანიშვილმა უკვე 14 წელია დაასვა საქართველოს თავზე“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია