რატომ უწყობთ ხელს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საწვავი შეიტანოს ოკუპირებულ აფხაზეთში და მისცეს ის რუს სამხედროებს?! საწვავზე საქართველო არ იყიდება! აფხაზეთი საწვავზე არ იყიდება! თქვენ თქვენი ხელფასებისთვის გაყიდეთ აფხაზეთიც და საქართველოს ეროვნული ინტერესებიც, თქვენი დუმილი მხოლოდ ამას მიანიშნებს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ რუსი სამხედროებისთვის საწვავის მიწოდებით ღალატობს ეროვნულ ინტერესს და ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რამდენიმე დღის წინ, გავასაჯაროვეთ არაერთი მტკიცებულება და ფაქტი იმასთან დაკავშირებით, როგორ აწვდის „ქართული ოცნება“ რუს სამხედროებს საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში. ამით „ქართული ოცნება“ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესს და ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კონტრასტი კიდევ უფრო თვალსაჩინოა, მაშინ, როცა რიგითმა დევნილმა ოკუპაციის ხაზი უნდა გაიაროს და გადავიდეს ოკუპირებულ აფხაზეთში, ელემენტარული პროდუქტი რომ გადაიტანოს სჭირდება ათასობით დამამცირებელი პროცედურის გავლა და ათასობით სპეციალური ნებართვა, რომელსაც ისინი კვირისა და თვეების განმავლობაში ელოდებიან, მაგრამ ბენზინმზიდები, რომელსაც საწვავი გადააქვთ „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი კობახიძის სპეციალური ნებართვით, უპრობლემოდ კვეთენ ოკუპაციის ხაზს.
ამ შენობაში, სადაც ჩვენ მოვედით, ზის აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. სხედან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ პასუხისმგებლები არიან ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე და თითოეული დევნილის კეთილდღეობაზე. მათ 80 მლნ ლარზე მეტი აქვთ დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ათასობით ლარი აქვთ ხელფასი, მაშინ, როცა დევნილების შემწეობა არის თვეში 45 ლარი.
მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა, არცერთ მათგანს ხმა არ ამოუღია „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივ პოლიტიკაზე. მინდა ამ ადამიანებს მივმართო: ჯემალ გამახარიას, ვახტანგ ყოლბაიას, თამაზ ხუბუას, რაულ ცატავას, დავით ფაცაციას, რომელიც არის ირაკლი კობაიძის სიძე, სუპერ კორუმპირებული ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად, საქორწილო საჩუქრის სახით იღებს ასი ათასობით ლარს. კეთილი ინებეთ, ჩამოდით და გაგვეცით პასუხი იმასთან დაკავშირებით, რატომ ხართ ჩუმად, რატომ მონაწილეობთ „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივ პოლიტიკაში? რატომ უწყობთ ხელს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საწვავი შეიტანოს ოკუპირებულ აფხაზეთში და მისცეს ის რუს სამხედროებს?! რატომ არ გადარდებთ ის, რომ დევნილების დახმარება არის 45 ლარი და თქვენ ჯიბეებს ივსებთ ათასობით ლარით?! საწვავზე საქართველო არ იყიდება! აფხაზეთი საწვავზე არ იყიდება! თქვენ თქვენი ხელფასებისთვის გაყიდეთ აფხაზეთიც და საქართველოს ეროვნული ინტერესებიც, თქვენი დუმილი მხოლოდ ამას მიანიშნებს“,- განაცხადა ანა წითლიძემ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ადგილზე სიმბოლურად ბენზინის ავზიც მიიტანეს.
პარტიის კიდევ ერთი წევრის ბესო შენგელიას განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წევრებისგან მოითხოვენ, ამოიღონ ხმა და დააფიქსირონ ოფიციალური პოზიცია „ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის უკანონო გადაზიდვისა და რუსული ბაზების მომარაგების შესახებ“.
„დღეს მოვედით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან, რადგან ამ ორგანოს 19-ივე წევრს უნდა დავუსვათ ერთი პირდაპირი და პრინციპული კითხვა: ხმა ამოიღეთ! რატომ დუმხართ, როდესაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტონობით უკანონო საწვავი შედის?! ეს არ არის უბრალოდ კონტრაბანდა - ეს არის სეპარატისტებთან და რუს ოკუპანტებთან პირდაპირი, დანაშაულებრივი თანამშრომლობა!
დადასტურებულია, რომ კომპანიები „რამსფოლი“ („ქონექტი“) და „სოლიდუსი“ საწვავს აბარებენ სეპარატისტულ „აფხაზტოპს“, რომლის 51%-ს რუსული „როსნეფტი“ ფლობს. ამ საწვავით პირდაპირ მარაგდება რუსული საოკუპაციო მანქანა: გუდაუთის მე-7 სამხედრო ბაზა; ოჩამჩირის პორტში ფსბ-ს სამხედრო კატარღები; ბომბორას აეროდრომი და წაბელდისა თუ ნაგვალოუს პოლიგონები!
ამ საწვავს უსხამენ ე.წ. ძალოვნებს და მათ შორის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მყოფ დამნაშავეებს!
და ამ ყველაფრის ფონზე, უმაღლესი საბჭოს 19 წევრი უბრალოდ სხედან, დუმან და თვალს დახუჭავენ ამ ღალატზე! მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: ამ უმაღლეს საბჭოში დღემდე წევრად გყავთ ღია მოღალატე - ოლღა ნაგარინა! ადამიანი, რომლის შვილი, ხათუნა სიჭინავა, არის დონეცკის ოკუპირებული რეგიონის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. მოსამართლე! ეს არის ქალი, რომელსაც უკრაინელებისა და ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ გამოაქვს უკანონო განაჩენები - დაკავებაზე, პატიმრობასა და დახვრეტაზე!
და თქვენ, უმაღლესი საბჭოს 19 წევრი, გვერდით უსხედხართ ამ ადამიანს და ხმას არ იღებთ?! ოკუპანტებს საწვავით ამარაგებენ, საბჭოში მოღალატეები გისხედან და თქვენ დუმხართ?!
ჩვენ მოვითხოვთ უმაღლესი საბჭოს 19-ივე წევრისგან:1. დაუყოვნებლივ ამოიღეთ ხმა და დააფიქსირეთ ოფიციალური პოზიცია ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის უკანონო გადაზიდვისა და რუსული ბაზების მომარაგების შესახებ! 2. დაუყოვნებლივ დაიწყეთ პროცედურები ოლღა ნაგარინას უმაღლესი საბჭოდან ჩამოსაშორებლად, რომლის ოჯახიც პირდაპირ ემსახურება ოკუპანტებს და ქართველებისა თუ უკრაინელების სისხლში აქვს ხელი გასვრილი!
მოეგეთ გონს, სანამ ხალხი და დევნილები თავად არ მოგთხოვენ პასუხს! ბენზინში სამშობლო არ იცვლება და ღალატით ქვეყანა ვერ გამთლიანდება!“, - განაცხადა ბესო შენგელიამ.