პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ელიზბარაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარუდგინეს.

კერძოდ, საქართველოს პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით. გამოძიების თანახმად, მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია.

„ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს.

დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია”, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ასევე, პროკურატურა დასძენს, რომ 31 აგვისტოს, თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილობითი სტატუსი და ვიდეო მიმართვა, სადაც იგი განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა.

"აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედებისთვის, კერძოდ კი, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით უკვე დაკავებულია.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია