ელისო კილაძე საუბრობდა იმაზე, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან დაპირისპირება ჰქონდა გივი ჯიბლაძეს და, შესაბამისად, ის იტყუება, როდესაც ამბობს, რომ რაიმე ფორმით მფარველობას უწევდა, მაგრამ არც ბრალდების მხარე არ ედავება და არც საქმის მასალებით არ დგინდება, რომ გივი ჯიბლაძის „ქოლ-ცენტრებს“ რაიმე ფორმით მფარველობდა გრიგოლ ლილუაშვილი, ამიტომ, ასეთი განცხადებებით აბსურდამდე მივდივართ. რაც შეეხება გიორგი მიქაძეს, მან ლილუაშვილთან ნაცნობობა უარყო - ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც დღეს დაცვის მხარის მოწმეები, ჟურნალისტი ელისო კილაძე და მსჯავრდებული გიორგი მიქაძე იკითხებოდნენ.
პროკურორის თქმით, დღეს დაცვის მხარის სტრატეგია მდგომარეობდა იმაში, რომ „ქოლ-ცენტრების“ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, შპს „სვეტის“ ხელმძღვანელის გივი ჯიბლაძის მიერ მიცემული ჩვენება გაებათილებინა, თუმცა საქმეზე გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობა მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაზე არ არის დამოკიდებული, დაცვის მხარის სტრატეგიით კი "აბსურდამდე მივდივართ".
„უნდა აღვნიშნო, რომ ელისო კილაძეს, ისევე, როგორც გიორგი მიქაძეს და მათთან ერთად ორგანიზებულ ჯგუფში მყოფ ხალხს, რომლებიც „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით იღებდნენ მონაწილეობას, მფარველობის მიმართულებით ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს ბრალი - რომ მფარველობას უწევდნენ ოთარ ფარცხალაძე და მასთან დაკავშირებული პირები და ამ მიმართულებით გრიგოლ ლილუაშვილს ბრალდების მხარე არ ედავება, რომ ამ ადამიანების მფარველობაში იღებდა მონაწილეობას.
გრიგოლ ლილუაშვილს ჩვენ სულ სხვა მიმართულებით ვედავებით მფარველობის კუთხით. ჩვენ დავკითხეთ ის ადამიანები ვინც „ქოლ-ცენტრს“ მართავდა და ვინც დაკავშირებული იყო იმ „ქოლ-ცენტრებთან“, რომელსაც ლილუაშვილი მფარველობდა. ანდრია ლილუაშვილიც ჩართული იყო ამ სქემაში. როდესაც გაჟღერებულ იქნა გივი ჯიბლაძის სახელი, რომ მას არ მფარველობდა გრიგოლ ლილუაშვილი და მათ შორის იყო დაპირისპირება, ბრალდების შესახებ დადგენილებაშიც ამაზე ვუთითებთ.
რაც შეეხება მოწმეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, გივი ჯიბლაძე გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე დაიკითხა. ამ ადამიანმა ზოგადად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მფარველობის მიმართულებები არსებობდა გრიგოლ ლილუაშვილთან მას პირადი შეხება და ურთიერთობა არ ჰქონია იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ჩვენ ვედავებით.
დღეს დაიკითხა გიორგი მიქაძე და ელისო კილაძე. ეს უკანასკნელი საუბრობდა იმაზე, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან დაპირისპირება ჰქონდა გივი ჯიბლაძეს და, შესაბამისად, ის იტყუება, როდესაც ამბობს, რომ რაიმე ფორმით მფარველობას უწევდა, მაგრამ არც ბრალდების მხარე არ ედავება და არც საქმის მასალებით არ დგინდება, რომ გივი ჯიბლაძის „ქოლ-ცენტრებს“ რაიმე ფორმით მფარველობდა გრიგოლ ლილუაშვილი, ამიტომ, ასეთი განცხადებებით აბსურდამდე მივდივართ.
რაც შეეხება გიორგი მიქაძეს, მას კითხვები დავუსვი იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც ზოგადად საქმეში ფიგურირებენ. ესენია ფარცხალაძე, ჩოხელი, სეხნიაშვილი, მათ შორის, იცნობდა თუ არა ელისო კილაძეს. მან მხოლოდ დაადასტურა ფარცხალაძესთან და ჩოხელთან ნაცნობობა და განმარტა, რომ არცერთ მათგანთან საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია. ასევე განმარტა, რომ ელისო კილაძესა და გრიგოლ და ანდრია ლილუაშვილებს არ იცნობს. პრაქტიკულად, ყველა პირთან კავშირი და რაიმე ფორმით ახლობლობა უარყო.
როდესაც კითხვა დაესვა, თუ რას საქმიანობდა იგი დაკავებამდე [იცით, რომ ის მსჯავრდადებულია სისხლის სამართლის სხვა საქმეზე], მან განმარტა, რომ არის ბიზნესმენი.
დღეს დაცვის მხარის სტრატეგია მდგომარეობდა იმაში, რომ გივი ჯიბლაძის მიერ მიცემული ჩვენება გაებათილებინა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე დაიკითხნენ ის პირები, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ ანდრია ლილუაშვილთან, რომლებიც ზუსტად იმ „ქოლ-ცენტრებში“ საქმიანობდნენ, რის მფარველობასაც ჩვენ ვედავებით ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს, ამიტომ, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ გივი ჯიბლაძემ ინფორმაცია მოგვაწოდა და ამ ინფორმაციის საფუძველზე ვითხოვთ ჩვენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
რაც შეეხება გივი ჯიბლაძის მიმართ შეღავათებს, ზოგადად, გამოძიებასთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ მათ შორის, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. მე არ ვამბობ, რომ რომელიმე ბრალდებულთან მიმართებით მიღებულია საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, უბრალოდ საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ აღიარება და თანამშრომლობაა“, - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.