თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი - პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩანს - არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი - სასამართლოს გირაოს შევთავაზებთ

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, თუმცა დაცვის მხარე აღნიშნულს არ ეთანხმება.

როგორც ადვოკატმა ლექსო სვიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ფიქრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, თამაზ ელიზბარაშვილი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს, თუმცა სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს.

ლექსო სვიმონიშვილი აცხადებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ ოფიციალურად გამოძიების დაწყების საფუძველი, სამართალდამცავი უწყებისთვის ოპერატიული მიმართვა გახდა. ადვოკატის განმარტებით, თამაზ ელიზბარაშვილი არ აღიარებს წარდგენილ ბრალს, რაც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.

„პროკურატურა რომ იყოს დარწმუნებული იმაში, რომ თამაზ ელიზბარაშვილს იარაღი ჰქონდა, მას ბრალს წარუდგენდნენ იარაღის უკანონო ტარების გამო. ყველა ვარაუდი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქმეში შვიდი დაზარალებულია. პროკურატურა არის ბრალდების მხარე და გამოაქვეყნა ის კადრები, რომელზეც თავად ჩათვალა, რომ წარდგენილ ბრალდებას გაამყარებდა, თუმცა საზოგადოებამ ნახა, რომ ამ კადრებში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩანს. პროკურატურის კადრები მეც ახლახან ვნახე, სადაც თითქოს თამაზ ელიზბარაშვილი, სავარაუდოდ, იარაღით ემუქრება. იარაღი არსად ჩანს და არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი”,- აცხადებს ადვოკატი.

საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია