ლევან მაჭავარიანი - სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასეთ დონეზე დაეცა, როგორც პირველი წერილი იყო აბსურდული, შემდეგიც მსგავსი აბსურდით გაგრძელდა - გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილის და აგენტურული ოპოზიციის ნარატივი ერთი - ერთში ჯდება

ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასეთ დონეზე დაეცა - როგორც პირველი წერილი იყო აბსურდული, შემდეგი წერილებიც მსგავსი აბსურდით გაგრძელდა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილს, სადაც ის უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე საუბრობს.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, „გულდასაწყვეტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და აგენტურული ოპოზიციის ნარატივი ერთი - ერთში ჯდება“.

„როგორც პირველი წერილი იყო აბსურდული, შემდეგი წერილებიც მსგავსი აბსურდით გაგრძელდა. როცა სპეკულაცია დაიწყეს ადამიანის სუიციდით, თვითმკვლელობით, ეს სხვა დონეზე დაცემა იყო და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. პროკურატურამ დაიბარა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც გამოესარჩლა ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, თითქოს ყველამ იცოდა ამ სუიციდის შესახებ, თითქოს სხვანაირად იყო მოვლენები განვითარებული. როდესაც მათ იგრძნეს, რომ ტყუილის გამო შეიძლება დაჰკისრებოდათ კონკრეტული პასუხისმგებლობა, აღმოჩნდა, რომ არავის არაფერი სცოდნია, მათ შორის, ღარიბაშვილის ადვოკატმაც დაადასტურა ის, რომ ღარიბაშვილსაც არანაირი დეტალი არ სცოდნია, ეს უბრალოდ რაღაცა ჭორაობა იყო, იმისთვის, რომ ხელოვნური მღელვარება გამოეწვია საზოგადოებაში. ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო და ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასეთ დონეზე დაეცა.

არავინ მიამიტი არაა, ვერ შეამჩნიოს, რომ ერთხმად საუბრობენ ღარიბაშვილი, გვარამია, ლომჯარია, დეკანოიძე. გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილის და აგენტურული ოპოზიციის ნარატივი ერთი - ერთში ჯდება“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

აღნიშნულის შემდეგ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია