გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილზე - თავის გადასარჩენად ასეთი განცხადებები არ გამოდგება - ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უცებ წამოყრანტალებული თემაა, გეგმაა, რომ რევოლუციურ სცენარში წვლილი შეიტანოს, რომ თუ რევოლუცია მოხდება, მის მიმართ შეღავათი იყოს

თავის გადასარჩენად ასეთი განცხადებები არ გამოდგება, ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება ძნელია - ციხეშია ადამიანი, რომელიც გუშინ იმ გუნდის ხელმძღვანელი იყო, რომელსაც წარმოვადგენ, მის ოჯახს და გარემოცვას ვიცნობ - ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უცებ წამოყრანტალებული თემაა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე მიმდინარე გამოკითხვებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გეგმაა, რომ ღარიბაშვილმა საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს ასეთი განცხადებით, რათა თუ შემდეგ რევოლუცია მოხდება და წარმატება ექნება, მის მიმართ რაღაც შეღავათი იყოს დაშვებული.

„ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ხელი ყველამ ირაკლი ღარიბაშვილისკენ გაიშვირა, რომ მან თქვა და ყველა მას აჰყვა. ეს ტრაგედია მხოლოდ ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც პროპაგანდისტულ გეგმაში მოგროვდა. საუბარია სხვა თვითმკვლელობებზე, თურმე, ადვოკატი ხუთმა პოლიციელმა წიხლებით სცემა და მეორე დღეს ლოყა დაუზიანდა და ა.შ.

საქართველოს მიმართ დამოკიდებულებების შექმნა ხდება, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. ამ კონტექსტში, ირაკლი ღარიბაშვილის დაუფიქრებელი თუ შეცდომაში შეყვანის გამო გაკეთებული განცხადება მთლიან სცენარში ჯდება, რომელიც მიმართულია ხელისუფლების დასაზიანებლად და იმ რევოლუციური პროცესის განსავითარებლად, რაზეც არაერთხელ ვისაუბრეთ და არაერთი ფაქტი ვიხილეთ.

თავის გადასარჩენად ასეთი განცხადებები არ გამოდგება. ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება ძნელია. ადამიანი ციხეშია, რომელიც გუშინ იმ გუნდის ხელმძღვანელი იყო, რომელსაც წარმოვადგენ. მის ოჯახს და გარემოცვას ვიცნობ. ურთიერთობებში საუკეთესო პერიოდები მახსოვს მასთან და მის არსებობასთან მთელ გუნდში. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უცებ წამოყრანტალებული თემაა. გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს ასეთი განცხადებით, რომ შემდეგ თუ რევოლუცია მოხდება და წარმატება ექნება, მის მიმართ რაღაც შეღავათი იყოს დაშვებული. ან მეორე უფრო პრიმიტიულია - შეიძლება, ფიქრობს, რომ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ მეტი რესურსი ექნება ყურადღება მიაქციონ და იქნებ იმ ე.წ. პატიმართა სიაში ჩაეწეროს. სხვა ამას ახსნა არ აქვს. დარწმუნებული მინდა ვიყო იმაში და ვერც წარმომიდგენია სხვანაირად, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და შეიძლება, ვიღაცამ ისარგებლა და ცდილობს, რომ შეცდომაში შეიყვანოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

გუშინ, 3 სექტემბერს, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

მათი ნაწილი გუშინ, საგამოძიებო ორგანოში უკვე გამოიკითხა. დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გამოიკითხნენ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია