ლევან მახაშვილი - პროკურატურის მიერ ჩატარებულმა გუშინდელმა გამოკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, არ არის საუბარი - ეს უფრო ჰგავს ჭორაობას და არის ფუჭი, ცარიელი სიტყვების გასროლა

პროკურატურის მიერ ჩატარებულმა გუშინდელმა გამოკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რასაც ეს ადამიანი [ირაკლი ღარიბაშვილი] ამბობს, არ არის საუბარი - ეს უფრო ჰგავს ჭორაობას და არის ფუჭი, ცარიელი სიტყვების გასროლა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით, ფუჭი ბრალდებებისა და ცარიელი სიტყვების გარდა, არანაირი კონკრეტული მტკიცებულება არ გაჟღერებულა, შესაბამისად, ეს არ არის დისკუსია, არამედ არის ჭორაობა პოლიტიკურ სივრცეში.

„ვხედავ და ვფიქრობ მხოლოდ ერთ რამეს, რაც გუშინდელმა გამოკითხვამაც დაადასტურა: რა პოლიტიკური კუდებიც არ უნდა მიაბან ზოგიერთებმა თავიანთ პოლიტიკურ აქტივობებს და რაც არ უნდა სხვის პიროვნულ უბედურებებზე ითამაშონ თუ იმანიპულირონ, ვერავინ გაექცევა სამართლებრივ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებზე. ეს ეხება ყველას, მათ შორის მასაც [ირაკლი ღარიბაშვილსაც].

პროკურატურის მიერ ჩატარებულმა გუშინდელმა გამოკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რასაც ეს ადამიანი ამბობს, არ არის საუბარი - ეს უფრო ჰგავს ჭორაობას და არის ფუჭი, ცარიელი სიტყვების გასროლა.

ერთ მხარეს არიან კონკრეტული მოწმეები, მტკიცებულებები და მისივე ყოფილი უშუალო გარემოცვის წევრები, რომლებიც მას ხელს ადებენ კონკრეტულ, ახალ ჩადენილ დანაშაულზე. რაც შეეხება წინა დანაშაულს, რის გამოც ის სასჯელს იხდის, ის მან თავად აღიარა და დაადასტურა.

მეორე მხარეს კი არის მისი სიტყვები. ჯერჯერობით, ფუჭი ბრალდებებისა და ცარიელი სიტყვების გარდა, არანაირი კონკრეტული მტკიცებულება არ მოგვისმენია. ამიტომ, აქ პოლიტიკური შეფასებები სრულიად ზედმეტია. ეს არ არის დისკუსია, ეს არის ჭორაობა პოლიტიკურ სივრცეში”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

გუშინ, 3 სექტემბერს, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

მათი ნაწილი გუშინ, საგამოძიებო ორგანოში უკვე გამოიკითხა. დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გამოიკითხებიან.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია