საქართველოს პროკურატურამ ცრუ მეწარმეობის, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქონებრივი სარგებლის მიღების და აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით, რეალური სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, საქართველოში დააფუძნა საწარმო, რომლის საბანკო ანგარიშებზე უცხოეთიდან, მასთან აფილირებული კომპანიების ანგარიშებიდან, როგორც კანონიერი საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი, პერიოდულად ჩაირიცხა 5.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა.
უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ქართული საწარმოს საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხის ნაწილი, საქონლის და მომსახურების შესყიდვაზე შედგენილი ფიქციური დოკუმენტაციის საფუძველზე, ბრალდებულმა გადაირიცხა საზღვარგარეთ, მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული არარეზიდენტი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე.
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლით (ცრუ მეწარმეობა), 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენება, ჩადენილი ჯგუფურად) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირის მეშვეობით ჩადენილი დანაშაული - განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული, 1.3 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.