მარტა კოსი - გაფართოების შემოდგომა ახლოვდება - ინტენსიური ხდება დისკუსიები, თუ როგორ მოვემზადოთ ახალი წევრების მისაღებად

გაფართოების შემოდგომა ახლოვდება. ახლა ინტენსიური ხდება დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ მოვამზადოთ ჩვენი კავშირი ახალი წევრების მისაღებად, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ამასთან, არაფორმალურ ზოგად საქმეთა საბჭოს წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2026 წელი უკვე რეკორდული წელია და ბლოკი კიდევ უფრო მეტის მიღწევას გეგმავს.

„ეს შემოდგომა ორი მიმართულებით გაფართოების შემოდგომა იქნება. ერთი ეხება წევრობის კანდიდატების მომზადებას, ხოლო მეორე - იმას, თუ რას ვაკეთებთ ევროკავშირის შიგნით ამისთვის მოსამზადებლად. 2026 წელი უკვე რეკორდული წელია. წელს ჩვენ გასული 2025 წლის ერთ წელზე მეტი გავაკეთეთ და კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია“, - აღნიშნა კოსმა.

მისი თქმით, ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანას მოლაპარაკებების პროცესის დასრულება ამ ათწლეულის ბოლომდე შეუძლია.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ მოვამზადოთ ევროკავშირი ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის და ეს ოთხი მიმართულებით წარიმართება. პირველი, ჩვენ განვიხილავთ, თუ რა გავლენას მოახდენს გაფართოება ჩვენს პოლიტიკასა და წევრ სახელმწიფოებზე. მეორე, ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ შიგნით, ანუ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა განვახორციელოთ, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ევროკავშირი, როგორც გლობალური მოთამაშე და ეფექტური გადაწყვეტილების მიმღები. მესამე ნაწილი იქნება დაცვა. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა სახის, ახალი თაობის დაცვის მექანიზმების დანერგვა შეგვიძლია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ახალმა წევრმა სახელმწიფომ უზრუნველყოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა ევროკავშირის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ მომდევნო ხუთი, ათი, 15 წლის განმავლობაში და მეოთხე პუნქტი იქნება თანდათანობითი ინტეგრაციის შესახებ. არსებობს ხარვეზი და ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ეს ხარვეზი გეოპოლიტიკურ აუცილებლობასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ პრინციპს შორის. გაფართოების დამსახურებაზე დაფუძნებული პრინციპი ნიშნავს, რომ ამას დრო სჭირდება. ამიტომ, ჩვენ ვნახავთ, რა ახალი გზები უნდა შემოვიღოთ, რათა კანდიდატებს საშუალება მივცეთ, უფრო მეტად იყვნენ დაკავშირებული ევროკავშირთან, სანამ ისინი სრულუფლებიანი წევრები გახდებიან“, - აღნიშნა მარტა კოსმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია